მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

16:48 | 11 სექტემბერი, 2026 — მსოფლიო

ანაზღაურების გარეშე დარჩენილი სუროგატები და დაკარგული თანხები - ჟურნალისტური გამოძიება

საერთაშორისო სუროგაციის სააგენტო World Center of Baby-ს "ფინანსური კრიზისის" შედეგად სუროგატი ქალები ანაზღაურებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩნენ, მომავალმა მშობლებმა კი ათობით ათასი დოლარი დაკარგეს. OCCRP-ისა და პარტნიორი ჟურნალისტების (მმართველობის მონიტორინგის ცენტრი, Finance Uncovered და CIReN) გამოძიება სააგენტოს გაუმჭვირვალე კორპორაციულ სტრუქტურასა და საქართველოსთან კავშირებსაც აღწერს.

ვითარების არსი: World Center of Baby უკრაინაში, ალბანეთში, საქართველოში, კვიპროსსა და მექსიკაში მუშაობდა. სააგენტო კლიენტებს სუროგატის მოძიებას, სამედიცინო და იურიდიული პროცესების კოორდინაციას სთავაზობდა. ზოგიერთი პაკეტის ღირებულება 100 000 დოლარს აღემატებოდა.

2026 წლის თებერვალში სააგენტომ კლიენტებს აცნობა, რომ აშშ-ში გაკოტრების პროცესს იწყებდა. თუმცა ჟურნალისტებმა ფედერალური სასამართლოს ჩანაწერებში მისი მთავარი კორპორაციული პირის, ფლორიდაში რეგისტრირებული World Center Group Corp-ის, გაკოტრების განაცხადი ვერ იპოვეს. გამოძიების მიხედვით, ფლორიდის რეესტრში კომპანია კვლავ აქტიურად იყო მითითებული.

ჟურნალისტები ექვს წყვილსა და ორ მარტოხელა მომავალ მამას ესაუბრნენ. მათი თქმით, სააგენტომ ათობით ათასი დოლარით დააზარალათ, ზოგისთვის კი მშობლობის გეგმა სამუდამოდ დაასრულა. ექვსმა სუროგატმა და კიდევ ერთის ოჯახმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ ყოველთვიური გადახდები კომპანიის მხრიდან ჯერ კიდევ 2025 წლის ნოემბრიდან შეწყდა. დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

კონკრეტული შემთხვევები: გამოძიებაში აღწერილია უკრაინელი სუროგატი ქალის, იანას შემთხვევა - მისი სახელი ოჯახის თხოვნით შეცვლილია. 2026 წლის 22 აპრილს ის ორსულობის მე-8 თვეში ტირანაში ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს, დაიღუპა მუცლადმყოფი ბავშვიც. ოჯახის თქმით, იმ დროისთვის სააგენტოსგან ანაზღაურება და სამედიცინო კოორდინატორთან კომუნიკაცია შეწყვეტილი იყო.

იანას გარდაცვალების გარემოებებს ალბანეთის პროკურატურა იძიებს. გამოძიების მომზადების დროისთვის ოფიციალური ექსპერტიზის ანგარიში მზად არ იყო. სააგენტოს ვებსაიტის ადრეულ ვერსიებში დამფუძნებლად და მმართველ დირექტორად მითითებულმა ვლადისლავ ნატოჩიმ სააგენტოს ქმედებებსა და იანას გარდაცვალებას შორის მიზეზობრივი კავშირი უარყო.

კიდევ ერთმა უკრაინელმა სუროგატმა, რომლის ვინაობაც მარიას ფსევდონიმითაა დაცული, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბრაზილიელი წყვილისთვის ტყუპების გაჩენის შემდეგ კონტრაქტით გათვალისწინებული 20 800 დოლარი ვერ მიიღო. წყვილის თქმით, სააგენტოსთვის თანხა გადახდილი ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ ოჯახისგან 5 000 დოლარის სესხება და მარიასთვის პირდაპირ გადაცემა მოუწია. დარჩენილი დავალიანების დასაფარად მხარეები ყოველთვიურად 1 000 დოლარის გადახდაზე შეთანხმდნენ.

რობერტა და ფელიპე მარტინსები და ტყუპები. ფოტო: მოწოდებულია რობერტა და ფელიპე მარტინსების მიერბრაზილიელი
რობერტა და ფელიპე მარტინსები და ტყუპები. ფოტო: მოწოდებულია რობერტა და ფელიპე მარტინსების მიერ

საქართველოსთან კავშირი: საქართველოსთან სააგენტოს კავშირი რამდენიმე მიმართულებით იკვეთება. World Center of Baby საქართველოში მომსახურებას სთავაზობდა და სოციალურ ქსელებში სუროგატ ქალებს ეძებდა, მათ შორის საკუთარი სოციალური მედიის ბრენდის, MamaTak-ის მეშვეობით. გამოძიების მიხედვით, ვლადისლავ ნატოჩი თბილისში „ალისას კლინიკას“ ფლობს, რომელსაც 2026 წლის აპრილის მდგომარეობით გადაუხდელი საგადასახადო დავალიანებები ჰქონდა. ნატოჩიმ დავალიანების შესახებ კითხვას არ უპასუხა.

MamaTak-ის სუროგატების რეკრუტირების პოსტიMamaTak-ის სუროგატების რეკრუტირების პოსტი

სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ მომსახურების პირობებში საკონტაქტო პირად თბილისში მცხოვრები ზურაბ შველიძე იყო მითითებული, საქართველოში რეგისტრირებული ოდნავ განსხვავებული სახელწოდების Global Center of Baby-ს მისამართთან ერთად.

შველიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ იცოდა, მისი საკონტაქტო ინფორმაცია სააგენტოს ვებსაიტზე თუ იყო განთავსებული. მისი თქმით, მეგობრის შეთავაზების შემდეგ თვეში 100 დოლარის სანაცვლოდ Global Center of Baby-ს „ნომინალური ხელმძღვანელი“ გახდა. ჟურნალისტებისთვის გაზიარებული დოკუმენტებიც მის ნომინალურ დირექტორობასა და აქციონერობას ეხებოდა.

სხვა გარემოებები: გამოძიებამ კითხვები გააჩინა კლიენტების ემბრიონებისა და სხვა გენეტიკური მასალის ბედზეც. სააგენტოს კრახის შემდეგ ზოგიერთ ყოფილ კლიენტს Blue Oak Fertility დაუკავშირდა და ახალი სუროგაციის პროგრამა შესთავაზა. ჟურნალისტებმა ორი სააგენტოს პერსონალს შორის კავშირები აღმოაჩინეს, თუმცა Blue Oak Fertility-მ World Center of Baby-სთან კორპორაციული, ფინანსური ან ოპერაციული კავშირი უარყო.

ერთმა ყოფილმა კლიენტმა განაცხადა, რომ დარჩენილი ემბრიონების განადგურებაზე თანხმობა უკვე გაცემული ჰქონდა, მოგვიანებით კი მათი გამოყენებით ახალი პროგრამის შეთავაზება მიიღო. Blue Oak-მა ამ კონკრეტულ შემთხვევაზე კომენტარის თხოვნას არ უპასუხა.

ნატოჩიმ ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ World Center of Baby-მ მძიმე ფინანსური და ოპერაციული კრიზისი განიცადა, თუმცა რაიმე სახის დანაშაული უარყო. მისი განცხადებით, ვალები და შეუსრულებელი ვალდებულებები თავისთავად თაღლითობას ან დანაშაულებრივ განზრახვას არ ნიშნავს. სააგენტოში საკუთარი როლისა და ფინანსური კრახის მიზეზების შესახებ კითხვებს მან არ უპასუხა.

გამოძიებაში მონაწილე სამართლის ექსპერტების შეფასებით, შემთხვევა საერთაშორისო სუროგაციის დროს პასუხისმგებლობის დადგენის სირთულეს აჩვენებს: როდესაც სააგენტო, კლინიკა, სუროგატი, მომავალი მშობლები და საბანკო ანგარიშები სხვადასხვა ქვეყანაშია, დაზარალებულებისთვის გაურკვეველი ხდება, ვის და რომელ იურისდიქციაში უნდა მოსთხოვონ პასუხი.

ნახეთ გამოძიება სრულად ფლანგვის დეტექტორის ვებგვერდზე.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე