დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

17:52 | 16 ოქტომბერი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი

აშშ სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისთვის რუსული აქტივების განბლოკვას განიხილავს - FT

აშშ-მა ევროპულ ქვეყნებს შესთავაზა, გაყინული რუსული სახელმწიფო აქტივების ნაწილი განბლოკონ და ვაშინგტონის კონტროლქვეშ გადაიტანონ. ინიციატივა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას ისახავს მიზნად.

ინფორმაციას Financial Times ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვითარების არსი: წინადადება გასულ კვირას მაიამიში გამართულ შეხვედრაზე დონალდ ტრამპის წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა წარადგინეს.

  • შეხვედრას უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და NATO-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  • აშშ-ის ერთ-ერთი წინადადება გაყინული აქტივების ვაშინგტონის ზედამხედველობის ქვეშ მოქმედ სპეციალურ ფინანსურ ფონდში გადატანას ითვალისწინებდა.

  • ევროპელმა წარმომადგენლებმა ინიციატივა უარყვეს და აქტივებზე კონტროლის დათმობასა და მათი ნაწილის რუსეთისთვის დაბრუნებას დაუპირისპირდნენ.

რას ამბობს ევროპა: გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ევროპაში გაყინული რუსული აქტივები ევროპაშივე უნდა დარჩეს.

  • "ეს ჩვენი საკითხია და გადაწყვეტილებას ჩვენ ვიღებთ", - აღნიშნა მერცმა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 2022 წელს დასავლეთმა რუსეთის დაახლოებით 260 მილიარდი ევროს სახელმწიფო აქტივები გაყინა, რომელთა უდიდესი ნაწილი ევროკავშირში ინახება.

  • უკრაინამ ამ აქტივებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლების უზრუნველყოფით G7-ისგან 45 მილიარდი ევროს სესხი მიიღო.

  • ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი თავად გაყინული აქტივების გამოყენებას სამართლებრივი რისკების გამო ეწინააღმდეგება.

  • აქტივების განბლოკვას ევროკავშირის 27-ვე წევრის თანხმობა სჭირდება, რაც ნაკლებად სავარაუდოა.

დიდი სურათი: მსგავსი წინადადება ტრამპის ადმინისტრაციის 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაშიც შედიოდა, თუმცა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

  • კრემლი გაყინული აქტივების დაბრუნებას მოითხოვს და ამისთვის სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას გეგმავს.

ასევე ნახე