16:36 | 19 ოქტომბერი, 2026 — გერმანია
აუგუსტ ჰანინგს პატრუშევთან მრავალწლიანი კავშირები ჰქონდა - FAZ
გერმანიის საგარეო დაზვერვის ფედერალური სამსახურის (BND) ყოფილი ხელმძღვანელი ავგუსტ ჰანინგი, რომელიც 6 ოქტომბერს ჯაშუშობისა და სახელმწიფო ღალატის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, წლების განმავლობაში რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანთან, ნიკოლაი პატრუშევთან, კავშირს ინარჩუნებდა.
ინფორმაციას გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung (FAZ) ავრცელებს.
ვითარების არსი: ჰანინგი 2009 წელს პენსიაზე გასვლის შემდეგაც რეგულარულად ურთიერთობდა პატრუშევთან, რომელიც მანამდე რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს (FSB) ხელმძღვანელობდა.
დეტალებში: FAZ-ის ცნობით, ჰანინგსა და პატრუშევს შორის რამდენიმე შეხვედრა დასტურდება.
2014 წელი: ყირიმის რუსეთის მიერ ანექსიიდან მალევე ჰანინგი პატრუშევს შეხვდა. მისი ადვოკატის თქმით, შეხვედრის მიზანი მოსკოვის გაფრთხილება იყო რუსეთის ქმედებების უარყოფითი შედეგების შესახებ.
2016 წელი: ჰანინგი მოსკოვში პატრუშევის მიერ გახსნილ უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო, სადაც რუსეთთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და მიგრაციის საკითხებზე თანამშრომლობას დაუჭირა მხარი.
იმავე წელს BBC-სთან ინტერვიუში ჰანინგმა განაცხადა, რომ ყირიმის საკითხის მოგვარების საკუთარი წინადადებები ჰქონდა. მისი თქმით, ანექსიის ფორმა მიუღებელი იყო, თუმცა მიაჩნდა, რომ ყირიმის მოსახლეობის უმრავლესობამ რუსეთთან შეერთებას დაუჭირა მხარი. ერთ-ერთ შესაძლო გამოსავლად მან ყირიმისთვის ჰონგ-კონგის მსგავსი სტატუსის მინიჭება დაასახელა.
2019 წელი: ჰანინგი პატრუშევს რუსეთის უშიშროების საბჭოს ეგიდით გამართულ საერთაშორისო შეხვედრაზე შეხვდა. ღონისძიების მონაწილეებმა ვალაამის მონასტერი მოინახულეს, სადაც ჰანინგი და პატრუშევი ერთად გადაიღეს ფოტოზე.
2022 წლის შემდეგ: ჰანინგის ადვოკატის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მისი კლიენტის მცდელობები, მოსკოვი საკუთარი ქმედებების შედეგების შესახებ გაეფრთხილებინა, აღარ გაგრძელებულა.
- თუმცა ადვოკატმა არ უპასუხა კითხვას, შეწყვიტა თუ არა ჰანინგმა პატრუშევთან ურთიერთობა 2022 წლის შემდეგ.
რას იძიებენ გერმანიაში: FAZ-ის ცნობით, გერმანელი გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ჰანინგს შესაძლოა საიდუმლო ინფორმაცია სულ მცირე ორი ქვეყნისთვის გადაეცა.
გამოცემის წყაროების თანახმად, ერთ-ერთი შესაძლო მიმღები აზერბაიჯანია.
მეორე ქვეყნის ვინაობა უცნობია, თუმცა გერმანიის უსაფრთხოების სტრუქტურების წყაროები ვარაუდობენ, რომ ეს რუსეთი არ არის.
კონტექსტი: მიუხედავად პატრუშევთან მრავალწლიანი კონტაქტებისა, ამ ეტაპზე საჯაროდ ცნობილი საგამოძიებო ინფორმაცია არ ადასტურებს, რომ ჰანინგი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა.
- მისი მეგობარი, გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახურის (BfV) ყოფილი ხელმძღვანელი ჰანს-გეორგ მაასენი აცხადებს, რომ ჰანინგი რუსეთთან კონტაქტების შენარჩუნებას ემხრობოდა, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი აგრესიულ ომს აწარმოებს.
- მაასენის თქმით, ჰანინგს მიაჩნდა, რომ რუსეთის ხელისუფლებაში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც გერმანიის ესმით და რომლებთანაც ურთიერთობის გაწყვეტა არ ღირს.
- ამასთან, მაასენმა გამოთქვა რწმენა, რომ ჰანინგს საიდუმლო ინფორმაცია არ გაუმჟღავნებია