მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

11:46 | 15 სექტემბერი, 2026 — უკრაინა

ბილეცკი: მე-3 საარმიო კორპუსმა დონეცკის ოლქის ჩრდილოეთში 75 კმ² გაწმინდა

დონეცკის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში მიმდინარე კონტრშეტევითი მოქმედებების ფარგლებში, რომელსაც ოპერაცია "ვივალდი" ჰქვია, მე-3 საარმიო კორპუსმა 75 კმ² მოწინააღმდეგისგან გაწმინდა, ხოლო დამატებით 10 კმ²-ის სრული დეოკუპაცია განახორციელა.

ინფორმაციას მე-3 საარმიო კორპუსის მეთაური, ბრიგადის გენერალი ანდრეი ბილეცკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ვითარების არსი: ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მე-3 კორპუსმა მოწინააღმდეგის ინფილტრაციისგან გაწმინდა დასახლებული პუნქტები: ნოვოსელოვკა, ალექსანდროვკა, იაროვაია, კოროვი იარის შემოგარენი და გაათავისუფლა სრედნეე.

  • ბილეცკიმ საზოგადოებას საინფორმაციო დუმილისკენ მოუწოდა და ოფიციალურ ცნობებში კარგი ამბების გავრცელება დააანონსა.
  • "ვადასტურებთ ინფორმაციას დონეცკის ოლქის ჩრდილოეთში უკრაინის არმიის შეტევის შესახებ. საინფორმაციო სიჩუმის რეჟიმში ქვედანაყოფებმა მტრის ინფილტრაციის კერები გაანადგურეს და 75 კმ² გაწმინდეს. კიდევ 10 კმ² - დეოკუპირებულია. გამანადგურებელი დარტყმა მიადგა რუსეთის ფედერაციის მე-20 და 25-ე არმიების საბრძოლო შესაძლებლობებს", - აცხადებს გენერალი.

დეტალები: მოწინააღმდეგის დანაკარგები ამ ეტაპზე შეადგენს: დაახლოებით 1500 ჯარისკაცს, 12 ათასზე მეტ უპილოტო საფრენ აპარატს და ასობით ერთეულ ჯავშანტექნიკას, საარტილერიო სისტემასა და ავტოტექნიკას.

  • ამასთანავე, უპილოტო სისტემების ქვედანაყოფებმა მტრის ლოჯისტიკური მარშრუტები გადაჭრეს. კორპუსის დარტყმების შედეგად, რუსულმა ჯარებმა საწვავ-საცხები მასალების მომარაგების ხაზები უკრაინის საზღვრებს გარეთ - ვორონეჟის ოლქში გადაიტანეს: დაიშალა მილსადენი და ევაკუირებულ იქნა საწყობები.
  • "ღია წყაროებში ახლა ბევრი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, თითქოს ჩვენი შეტევითი მოქმედებების საბოლოო მიზანი მდინარე ჩორნი ჟერებეცის ნაპირებზე გასვლაა. მაგრამ ჩვენს ოპერაციას "ვივალდი" ჰქვია. ვივალდის კი, როგორც ცნობილია, ოთხი სეზონი აქვს. ეს კი მხოლოდ პირველია მათგან. ამიტომ, თვალი ადევნეთ ჩვენს ოფიციალურ შეტყობინებებს და სპოილერებს ნუ იჩქარებთ. კარგი ამბები ნამდვილად იქნება".

კონტექსტი: აღნიშნულ მონაკვეთზე უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევაზე უკრაინელი და დასავლელი OSINT ანალიტიკოსებიც იუწყებოდნენ.

  • მათი განცხადებით, დონეცკის ოლქში არსებული ეს შვერილი საფრთხეს უქმნიდა ქალაქ სლოვიანსკს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან; ამასთანავე, საფრთხე ემუქრებოდა ქალაქ იზიუმსაც, რომელიც სასიცოცხლო არტერიაა უკრაინული დაჯგუფებების მომარაგებისთვის.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე