15:19 | 12 სექტემბერი, 2026 — სომხეთი
ფაშინიანი: სომხეთი 2031 წლისთვის სამი კოსმოსური თანამგზავრის გაშვებას გეგმავს
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანა 2031 წლისთვის მინიმუმ სამი მოქმედი თანამგზავრის გაშვებას გეგმავს - ორს დედამიწაზე დაკვირვებისთვის, ხოლო ერთი ტელეკომუნიკაციებისთვის.
ვითარების არსი: მისი თქმით, პარალელურად, იგეგმება ადგილობრივი ინფრასტრუქტურისა და თანამგზავრების მართვისთვის საჭირო შიდა კადრების მომზადება.
- სომხეთის პრემიერმა ხუთშაბათს, პარიზში გამართულ კოსმოსურ სამიტზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ სომხეთი "ეროვნული კოსმოსური შესაძლებლობების განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა."
სტრიქონებს შორის: მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთმა პირველი თანამგზავრი, ARMASAT-1, 2022 წელს გაუშვა.
- ეს მოწყობილობა ევროპული ტექნოლოგიებით შეიქმნა და ორბიტაზე ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა გაიყვანა.
- ერთი წლის შემდეგ სომხეთმა "კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია" HAYASAT-1-ის გაშვებით. ფაშინიანმა ის დაახასიათა, როგორც "პირველი სომხური თანამგზავრი, რომელიც სრულად სომეხმა სპეციალისტებმა აწყვეს და გამოცადეს."
- გამოცემა Hetq-ის ცნობით, ორივე თანამგზავრი ამჟამად მწყობრიდან არის გამოსული.
დიდი სურათი: სომხეთის მთავრობის მიერ ახლახან დამტკიცებული 2026-2031 წლების სტრატეგიული პროგრამით, ეროვნული კოსმოსური შესაძლებლობების განვითარება "პრიორიტეტულ მიზნად" განისაზღვრა.
- გეგმის თანახმად, სომხეთი აპირებს "სულ მცირე სამი თანამგზავრის ექსპლუატაციაში გაშვებას: ორის დედამიწაზე დაკვირვებისთვის და ერთის ტელეკომუნიკაციებისთვის, პარალელურად კი სუვერენული მიწისზედა ინფრასტრუქტურის, ასევე თანამგზავრების მართვის, კონტროლის, მონაცემთა მიღების, დამუშავებისა და ანალიზის შიდა შესაძლებლობების განვითარებას."
- პროექტი ასევე ითვალისწინებს მიწისზედა სადგურების ქსელის შექმნას. ფაშინიანის თქმით, ეს სადგურები არამხოლოდ სომხეთის ეროვნულ საჭიროებებს მოემსახურება, არამედ შესაძლოა "მხარი დაუჭიროს საერთაშორისო კოსმოსურ მისიებსა და თანამგზავრულ მონაცემებსა თუ სერვისებზე მზარდ მოთხოვნას."