ახალი ამბები

13:40 | 21 ივლისი, 2026 — უკრაინა

ფედოროვის უარი და სირსკის სავარაუდო გადაყენება - ბოლო ცნობები

კიევსა და უკრაინის 16 ქალაქში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავს.

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა "ბლუმბერგი" აქვეყნებს.

ვითარების არსი: Bloomberg-ის წყაროების ცნობით, სირსკი შესაძლოა უახლოეს დღეებში გადადგეს. მის ყველაზე სავარაუდო შემცვლელად გაერთიანებული ძალების სარდალი, გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი განიხილება.

  • გამოცემის სხვა წყაროს ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და სავარაუდო კანდიდატებად 11 სამხედრო ფიგურირებს.
  • პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ სირსკის გადაყენება უახლოეს საათებში მოსალოდნელი არ არის, გენერალურმა შტაბმა კი დაადასტურა, რომ მთავარსარდალი მოვალეობის შესრულებას აგრძელებს.

მთავარი ამბავი: Financial Times-ის ცნობით, ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილო ფედოროვს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოში მაღალი თანამდებობა შესთავაზა.

  • ფედოროვმა ალტერნატიულ პოსტებზე უარი თქვა, მას მხოლოდ თავდაცვის მინისტრის პორტფელი სურს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: კრიზისი ფედოროვის გათავისუფლებას მოჰყვა, რამაც საზოგადოებრივი მღელვარება გამოიწვია. ფედოროვმა განაცხადა, რომ იგი თავად ითხოვდა სირსკის გადაყენებას სამხედრო რეფორმების დაბლოკვის გამო, თუმცა ზელენსკიმ თავდაპირველად გენერლის მხარე დაიჭირა.

  • ორ ფიგურას შორის ფუნდამენტური დაპირისპირება არსებობდა ომის წარმოებისა და ტექნოლოგიურ ხედვაზე.

  • პროტესტის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ სირსკის პოსტზე დატოვება არმიის დემორალიზაციას გამოიწვევს და უწყვეტი აქციებით იმუქრებიან, თუ გენერალი მიმდინარე კვირაშივე არ გადადგება.

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, კირილო ბუდანოვმა აღნიშნა, რომ საზოგადოების ხმა შესმენილია და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

კულისებს მიღმა: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი და უმაღლეს რადაში ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გადადგომის იდეას მხარს უჭერდნენ.

  • Українська правда-ს საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელმა მიხაილო ტკაჩმა განაცხადა: "პრეზიდენტის გარშემო არიან ადამიანები, ვიწრო წრე... რომლებსაც ის უსმენს, რომლებიც მას რჩევებს აძლევენ. ამ ადამიანებს საკუთარი ლოგიკა აქვთ... აშკარაა, რომ რჩება ანდრი ერმაკი (არა იმ ფორმატში, როგორშიც იყო). რამდენიმე წყაროსგან გვსმენია, რომლებიც ამტკიცებენ, რომ იგი ამ სიტუაციაშია ჩართული. მას საკუთარი მოტივი აქვს." 
  • "აშკარაა, რომ დავით არახამია, რომელმაც ანდრი ერმაკის გადადგომის შემდეგ პოზიციები განიმტკიცა, ასევე შედის იმ ადამიანთა წრეში, რომლებსაც პრეზიდენტი უსმენს. და პოლიტიკურ წრეებში არსებული წყაროებიდან ასევე ვიცი, რომ არახამია არ ყოფილა ის ადამიანი, ვინც პრეზიდენტს მიხაილო ფედოროვის არგადაყენებაში არწმუნებდა, არამედ პირიქით. ესენი არიან ამ მომენტში ორი ძირითადი ფიგურა." - ხაზი გაუსვა ჟურნალისტმა.
  • ამავდროულად, ტკაჩს მიაჩნია, რომ თავად ზელენსკისაც ჰქონდა თავისი მოტივები თავდაცვის მინისტრის გადაყენების გადაწყვეტილების მიღებისას.

  • "მეჩვენება, რომ მიზეზი სწორედ პოლიტიკური ამბიციები და ის იყო, რომ პრეზიდენტს განწყობას უქმნიდნენ, თითქოს მიხაილო ფედოროვს შეეძლო რაღაც არჩევნებში მიეღო მონაწილეობა." - აღნიშნა მან.
  • მანამდე Українська правда-ს წყაროები სამხედრო და სამართალდამცავ წრეებში აცხადებდნენ, რომ ფედოროვის გადადგომის შემდეგ ერმაკი ეწვია მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის მართვის პუნქტს ერთ-ერთ ფრონტისპირა ოლქში.

დეტალურად: ზელენსკიმ ბოლო დღეები სამხედრო სარდლობასთან კონსულტაციებში გაატარა. პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა ახალი თაობის ოფიცრებთან, რომლებიც სირსკის შემცვლელებად განიხილებიან:

  • მიხაილო დრაპატი - უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების სარდალი;

  • ვოლოდიმირ ჰორბატიუკი - გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე;

  • ოლეგ აპოსტოლი - საჰაერო-მოიერიშე ძალების მეთაური;

  • ანდრიი ბილეცკი - მე-3 საარმიო კორპუსის მეთაური;

  • დენის პროკოპენკო - „აზოვის“ 1-ელი კორპუსის მეთაური;

  • იგორ ობოლენსკი - ბრიგადა „ხარტიას“ მეთაური.

  • უკრაინულ სამხედრო წრეებში იზრდება მხარდაჭერა იმ მეთაურების მიმართ, რომელთა კარიერა არა საბჭოურ ტრადიციებზე აღმოცენდა, არამედ რუსეთთან რეალურმა ომმა ჩამოაყალიბა. ეს ოფიცრები უკეთ ერგებიან დრონების ომის ახალ რეალიებს, დეცენტრალიზებულ მართვასა და ფრონტზე სწრაფ ადაპტაციას.

რას ამბობენ: მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა მთავარსარდალი სირსკიც. მისი მტკიცებით, თავდაცვის მინისტრ მიხაილო ფედოროვთან ურთიერთობას საქმიანად აღიქვამდა: "თუ ვინმეს რამეში ვაწყენინე: მიხაილ ალბერტოვიჩ, მაპატიეთ. ხანდახან მკაცრი ვარ".

  • ამასთან, გენერალმა მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე მოვლენების "ფედოროვისა და „სირსკის ბანაკებად" დაყოფა მტრისთვის საჩუქარია.
  • სირსკიმ სტრატეგიის შესახებაც დაწერა: "ის, ვინც მთავარსარდლისგან სტრატეგიის საჯაროდ "პრეზენტაციას" ითხოვს, სინამდვილეში მის მტრისთვის წარდგენას ითხოვს. რაც შეეხება ხედვას, ხედვით შეგიძლიათ სტარტაპი ააგოთ. მაგრამ ომში გამარჯვებას სტრატეგია სჭირდება".
  • „სირსკის ადგილზე დატოვება ნიშნავს არა მხოლოდ საზოგადოების ნების იგნორირებას, არამედ არმიის დემორალიზაციას. გენერალი უნდა წავიდეს.“ - ეხმაურება ამბებს დმიტრო კოზიატინსკი, სამხედრო ვეტერანი და საპროტესტო აქციის ორგანიზატორი.

კონტექსტი: ოლექსანდრ სირსკიმ მთავარსარდლის პოსტზე ვალერი ზალუჟნი 2024 წლის დასაწყისში შეცვალა. მან სახელი გაითქვა კიევის დაცვითა და ხარკივის ოლქის გათავისუფლებით, თუმცა ბოლო პერიოდში მისი ტაქტიკა და რეფორმებისადმი წინააღმდეგობა მწვავე კრიტიკის საგანი გახდა.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე