06:11 | 09 ოქტომბერი, 2025 — რუსეთ-უკრაინის ომი
გულდ-დევისი: ომი ახალ ფაზაში შედის, სადაც დრო შესაძლოა აღარ იყოს რუსეთის მხარეს
სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) მკვლევარის, ნაიჯელ გულდ-დევისის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომი ახალ ფაზაში გადადის - ფაზაში, რომელშიც „დრო შესაძლოა აღარ იყოს რუსეთის მხარეს“.
ვითარების არსი: აღნიშნული შეფასება დევისის ახალ სვეტშია მოცემული, რომელიც IISS-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მისი თქმით, ბოლო თვეებში ამერიკაში, ჩინეთსა და ევროპაში მიღებულმა სტრატეგიულმა გადაწყვეტილებებმა მნიშვნელოვნად შეცვალა რუსეთის გათვლები - კერძოდ, იმაზე, თუ რამდენად მომგებიანი შეიძლება იყოს ომის გაჭიანურება.
გულდ-დევისის შეფასებით, ასეთ პირობებში რუსეთი ცდილობს მაქსიმალური აგრესიითა და რისკით დააშინოს ევროპა და აიძულოს, შეამციროს ან შეწყვიტოს უკრაინის მხარდაჭერა.
ექსპერტის შეფასებით, ეს ვითარება გარდაუვლად მიგვიყვანს კონფლიქტის ესკალაციამდე, რომელიც რუსეთის სულ უფრო პროვოკაციული და აგრესიული ქცევით იქნება გამოწვეული.
ჩაშლილად: ბოლო კვირებში რუსეთის მიერ ევროპის არაერთი ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა და დრონების შეგზავნა დევისმა სწორედ ამ სტრატეგიული კონტექსტის ცვლილებით ახსნა.
შეცვლილი გარემოებები, რომლებიც რუსეთზე ზეგავლენას ახდენს:
1. ტრამპით იმედგაცრუება - გულდ-დევისის შეფასებით, გასული ცხრა თვის განმავლობაში დონალდ ტრამპმა ვერ გაამართლა კრემლის მოლოდინები - ვერ მოახერხა განხეთქილების გამოწვევა ტრანსატლანტიკურ ერთობაში და ვერ შეასუსტა ევროპული მხარდაჭერა უკრაინისადმი.
2. ევროპის როლის ზრდა - ექსპერტი ხაზს უსვამს ევროპის მნიშვნელოვნად გაზრდილ წვლილს უკრაინის მხარდაჭერაში და თავდაცვის ხარჯების გარდაუვალ ზრდას. ის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბრიუსელში მიმდინარე დისკუსიაზე უკრაინისთვის 140 მილიარდი დოლარის ოდენობის რეპარაციული კრედიტის გამოყოფის შესახებ - თანხა, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება გაყინული რუსული აქტივებით და ორი–სამი წლის განმავლობაში უკრაინის საჭიროებებს დაფარავს ისე, რომ ტვირთი ევროპელ გადასახადის გადამხდელებზე არ გადავა.
3. ჩინეთის მზარდი მხარდაჭერა - გულდ-დევისის თქმით, ჩინეთის მხრიდან რუსეთისადმი მხარდაჭერის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია გაზსადენ „ციმბირის ძალა 2“-ის მშენებლობის დაწყებაზე თანხმობა — ინიციატივა, რომელსაც პეკინი მრავალი წლის განმავლობაში თავს არიდებდა. ექსპერტის შეფასებით, ჩინეთი ახლა მხოლოდ არ ეხმარება რუსეთს, არამედ მიზანმიმართულად უბიძგებს კრემლს სარისკო ნაბიჯებისკენ. მისი თქმით, ეს პეკინისთვის „წაუგებელი თამაშია“ - როგორიც არ უნდა იყოს ომის შედეგი, რუსეთის დამოკიდებულება ჩინეთზე მხოლოდ გაიზრდება.
შიდა პრობლემები: გულდ-დევისის შეფასებით, ომის გაგრძელებისა და სანქციების ტვირთი რუსეთის ეკონომიკაზე დისპროპორციულად იზრდება, რასაც ემატება უკრაინის დარტყმები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. მისივე თქმით, ელიტების განწყობაზე უარყოფითად იმოქმედა საოკუპაციო ძალების წარუმატებელმა საზაფხულო იერიშმაც.
კონტექსტი: „ომის სტრატეგიული კონტექსტი იცვლება... ასეთ ვითარებაში რუსეთი პრაქტიკულად იძულებულია, მოახდინოს გამარჯვების თეორიის აქსელერაცია - სრულად გამოფიტოს უკრაინა და ძირი გამოუთხაროს ევროპის სიმტკიცეს“ - წერს გულდ-დევისი.
ექსპერტის თქმით, რუსეთის ქცევა მომდევნო თვეებში კიდევ უფრო აგრესიული და პროვოკაციული გახდება, ხოლო ერთადერთი ფაქტორი, რაც ამ პროცესს შეაჩერებს, იქნება ევროპის ერთიანი და მტკიცე რეაგირება - „ქმედებებით, და არა მხოლოდ განცხადებებით“.
„ესკალაციის შიში, მისი მოპატიჟების ტოლფასია,“ - დასძენს გულდ-დევისი.