ირანის სასამართლო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ორი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს, რომლებსაც ბრალი ედებოდათ იანვარში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებულ დანაშაულებში.
ვითარების არსი: მედიის ცნობით, სიკვდილით დასჯა საჯარო მოედანზე აღსრულდა.
- "აბოლფაზლ სეპაჰისა და ამირ-ჰოსეინ საფარის სიკვდილით დასჯის განაჩენი ამ დილით აღსრულდა," - წერს სასამართლო ხელისუფლების ვებგვერდი Mizan.
- სააგენტო Mehr კი იუწყება, რომ ისინი ხალხის თანდასწრებით, ცენტრალურ ისფაჰანის პროვინციაში მდებარე ქალაქ მალექშაჰრის მოედანზე ჩამოახრჩეს.
- Mizan-ის ცნობით, ორივე მოქალაქეს ბრალად ედებოდა 8 იანვარს "პოლიციელებზე მაჩეტეებითა და დანებით თავდასხმაში, მათ საგზაო ნიშნებზე დაბმაში, მიწაზე თრევაში, ბენზინის გადასხმასა და ცეცხლის წაკიდებაში“.
სტრიქონებს შორის: ამირჰოსეინ საფარი და აბოლფაზლ სეპაჰი იმ 12 ახალგაზრდას შორის იყვნენ, რომლებსაც სიკვდილით დასჯა მიესაჯათ საქმეზე, რომელიც "ალიხანის მოედნის საქმის" სახელით გახდა ცნობილი.
- ირანის ხელისუფლება ბრალდებულებს უსაფრთხოების სამსახურის ოთხი თანამშრომლის მკვლელობაში, ასევე ცეცხლის წაკიდებასა და ვანდალიზმში ადანაშაულებს.
- უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა და გაეროს ექსპერტებმა ეჭვქვეშ დააყენეს სასამართლო პროცესების სამართლიანობა და ხაზი გაუსვეს წამების შედეგად მოპოვებულ აღიარებით ჩვენებებს, ასევე დახურულ სასამართლო პროცესებს.
დიდი სურათი: 2025 წლის დეკემბერში, ირანში საპროტესტო აქციები დაიწყო, რისი მიზეზიც ეკონომიკური კრიზისი, მძიმე სოციალური პირობები და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა იყო.
- ხელისუფლებამ პროტესტის ჩასახშობად ინტერნეტის მასშტაბური გათიშვა და სასტიკი ძალისმიერი მეთოდები გამოიყენა, მათ შორის მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის პირდაპირი გამოყენება.
- სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, ირანის ისლამურმა რეჟიმმა აქციების დროს 12-დან 50 ათასამდე მოქალაქე მოკლა.