მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

10:56 | 28 აგვისტო, 2026 — ისრაელი

ისრაელის ოპოზიციის ლიდერი ორი სახელმწიფოს გამოსავალს "ილუზიას" უწოდებს

ისრაელის ოპოზიციური პარტია "იაშარის" თავმჯდომარემ და ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარმა კონკურენტმა, გადი აიზენკოტმა განაცხადა, რომ ვისაც 2023 წლის 7 ოქტომბრის ჰამასის თავდასხმის შემდეგ კვლავ სჯერა ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გამოსავლის, "ილუზიებში იმყოფება."

ვითარების არსი: "ნებისმიერი, ვინც 7 ოქტომბრის შემდეგ ორი სახელმწიფოს პრინციპით კონფლიქტის მოგვარებაზე ფიქრობს, უბრალოდ ილუზიებში იმყოფება," - განაცხადა აიზენკოტმა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე საერთაშორისოდ აღიარებულ პოზიციასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.

  • ამავდროულად, გაზეთ Israel Hayom-თან ინტერვიუში მან გააკრიტიკა მთავრობის მიერ ახლახანს დასავლეთ სანაპიროზე დამტკიცებული E1 დასახლების მშენებლობის გეგმა.
  • მისი თქმით, პროექტი რომელიც მიზნად ისახავს პალესტინის სახელმწიფოს შექმნისთვის ყველანაირი გზის ჩაკეტვას "შეცდომა" იყო, რაც ისრაელს საერთაშორისო ასპარეზზე ძვირად უჯდება.
  • "მახსოვს, თავად ნეთანიაჰუ დიდხანს ეწინააღმდეგებოდა ამას, თუმცა კოალიციური ზეწოლის გამო დათმო და დაამტკიცა," - განაცხადა აიზენკოტმა.
  • E1-ის გაფართოება ერთმანეთთან დააკავშირებს იერუსალიმისა და მაალე-ადუმიმის რაიონებს, თუმცა გააქრობს ბეთლემის, აღმოსავლეთ იერუსალიმისა და რამალას პალესტინურ დასახლებებს შორის კავშირს, რაც დიდხანს განიხილებოდა პალესტინის სახელმწიფოს პოტენციურ საფუძვლად.

სტრიქონებს შორის: საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის აშშ-ის წინა ადმინისტრაციების მკვეთრი წინააღმდეგობის გამო ეს პროექტი წლების განმავლობაში გაყინული იყო, თუმცა გასულ წელს ისრაელის მთავრობამ ის დაამტკიცა.

  • 2026 წლის აგვისტოში მთავრობამ გამოაცხადა ტენდერი ამ მშენებლობის ფარგლებში შვიდი საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად.
  • გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი ისრაელის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს ამზადებს იმ შემთხვევისთვის, თუ ის ამ გეგმის განხორციელებას გააგრძელებს.
  • ფინანსთა მინისტრმა ბეზალელ სმოტრიჩმა, რომელიც E1 პროექტის აქტიური მხარდამჭერია, აიზენკოტს სოციალურ ქსელ X-ში უპასუხა: "აიზენკოტ-ლიბერმან-გოლანის მთავრობის დათმობები იწყება მანამ, სანამ ისინი ხელისუფლებაში მოვლენ."

დიდი სურათი: ამავე ინტერვიუში "იაშარის" ლიდერმა ასევე გააკრიტიკა მთავრობა, განსაკუთრებით სმოტრიჩი და მისი კოლეგა, ულტრამემარჯვენე მინისტრი იტამარ ბენ-გვირი, პალესტინელების წინააღმდეგ ახალმოსახლეების თითქმის ყოველდღიური ძალადობის გამო დასავლეთ სანაპიროზე.

  • "ნეთანიაჰუმ პოლიცია ბენ-გვირს გადასცა, ხოლო COGAT (ოკუპრებულ ტერიტორიებზე სამთავრობო საქმიანობის კოორდინაცია - რედ.) - სმოტრიჩს, რის გამოც ისრაელის თავდაცვის ძალებმა რეგიონზე კონტროლი დაკარგეს და ის უნდა დაბრუნდეს," - განაცხადა აიზენკოტმა, ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა.
  • "ამ ორი მინისტრის საქმიანობა, პალესტინელების წინააღმდეგ ახალმოსახლეების ძალადობის ინციდენტებთან ერთად, ისრაელს საერთაშორისო ლეგიტიმაციას აკარგვინებს და საფრთხეს უქმნის დასახლებების მოძრაობას მთლიანობაში. ეს წყვილი ისრაელის ეროვნულ ინტერესებს საბოტაჟს უწევს." - თქვა "იაშარის" თავმჯდომარემ. 

კონტექსტი: 2026 წლის 27 ოქტომბერს ისრაელში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ეს არის პირველი არჩევნები ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ ინიცირებული არაპოპულარული სასამართლო რეორმისა და 7 ოქტომბრის ტერორისტული აქტის შემდეგ.

  • საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ისრაელის ოპოზიციურ პარტიებს მოქმედ კოალიციაზე დიდი მხარდაჭერა აქვთ, მაგრამ მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საჭირო 61 მანდატი არცერთ მხარეს არ აქვს, რადგან 10-ზე მეტი მანდატი აქვთ არაბულ პარტიებს, რომელებთანაც კოალიციის შექმნა სიონისტურ ოპოზიციურ პარტიებს არ სურთ.
  • აიზენკოტის პარტია "იაშარი" სხვადასხვა კვლევებით სტაბილურად პირველ ან მეორე ადგილზეა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე