დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

11:40 | 23 ოქტომბერი, 2026 — საფრანგეთი

მაკრონი აქციების მონაწილე სკოლის მოსწავლეების წარმომადგენლებს შეხვდება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 23 ოქტომბერს, ახალი საპროტესტო აქციების წინ, მოსწავლეთა წარმომადგენლებსა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს შეხვდება. ამ ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

ვითარების არსი: საფრანგეთის პრეზიდენტის შეხვედრა უფროსკლასელთა მოძრაობის წარმომადგენლებთან პირველია სტუდენტური პროტესტის დაწყებიდან, რომელიც უკვე ერთ თვეზე მეტია გრძელდება.

  • პრეზიდენტი ასევე ჩაატარებს თავდაცვის საბჭოს ახალ სხდომას, რათა მოემზადოს შაბათისთვის დაგეგმილი დემონსტრაციებისთვის.
  • იმავდროულად, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიენ ლეკორნუ პარასკევს ლიმოჟს ეწვევა - ქალაქს, რომელიც განსაკუთრებით დაზარალდა 17 ოქტომბერს, რადგან იქ მომიტინგეებმა მუნიციპალიტეტის მერიის შენობა დაწვეს და ამჟამად ქალაქში ხანძრის გარემოებების გამოძიება მიმდინარეობს.

სტრიქონებს შორის: საფრანგეთში უკვე ერთ თვეზე მეტია მასობრივი პროტესტი გრძელდება, რომელიც უფროსკლასელების დემონსტრაციებით დაიწყპ, რომლებიც ცუდ სასწავლო პირობებს აპროტესტებდნენ.

  • მოგვიანებით პროტესტს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, რომლებიც ფასების ზრდას და დაბალ ხელფასებს აპროტესტებენ.
  • 17 ოქტომბრის ყველაზე მასშტაბური პროტესტის დროს მთელ ქვეყნაში ძალადობისა და ძარცვის მრავალი ფაქტი დაფიქსირდა.
  • 24 ოქტომბრისთვის, მოსახლეობის "ეროვნული მობილიზაციის" მეორე ტალღაა დაგეგმილი. ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის მარსელში, პროტესტი აიკრძალა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა ერთი დღით შეჩერდება.

დიდი სურათი: საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე კანდიდატის, მარინ ლე პენის მხარდაჭერა საპროტესტო აქციების ფონზე გაიზარდა. Ifop-Fiducial-ის კვლევის თანახმად, სხვადასხვა სცენარში მარინ ლე პენი პირველ ტურში ხმათა 34-38%-ს აგროვებს და მეორე ადგილზე მყოფ კანდიდატს 18-22%-ით უსწრებს.

  • ულტრამემარცხენე კანდიდატი ჟან-ლუკ მელანშონი მეორე ადგილს იკავებს, თუმცა მეორე, მესამე და მეოთხე ადგილზე მყოფ კანდიდატებს შორის სხვაობა ძალიან მცირეა.
  • მეორე ტურში მარინ ლე პენი ყველა შესაძლო კონკურენტს ამარცხებს. მისთვის ყველაზე რთული მეტოქე ედუარ ფილიპი იქნება, რომელთანაც 56%-ით გაიმარჯვებდა 44%-ის წინააღმდეგ.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე