დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

12:47 | 19 ოქტომბერი, 2026 — საფრანგეთი

მაკრონი დემონსტრანტების ძალადობას აკრიტიკებს - დაკავებულია 2400 ადამიანი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დემონსტრანტების ძალადობა გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც მასშტაბური აქიებისას ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გადაწვეს შენობები, გაძარცვეს და გაანადგურეს ასობით მაღაზია, ხოლო ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 2 400 ადამიანი დააკავეს.

ვითარების არსი: "ამ კადრების ყურებისას, ალბათ, ყველამ ვკითხეთ საკუთარ თავს: როგორ შეეძლოთ ფრანგებს საფრანგეთისთვის ასეთი რამ გაეკეთებინათ?" - განაცხადა მან სატელევიზიო მიმართვაში.

  • მაკრონის თქმით, ძალადობას "არაფერი ამართლებს" და ადგილობრივ ხელისუფლებას, საჭიროების შემთხვევაში, გარკვეული ქუჩის შეკრებების აკრძალვა შეეძლება.
  • მან აღნიშნა, რომ მკაფიო ზღვარი უნდა გაივლოს მშვიდობიან მომიტინგეებს, რომლებიც ცხოვრების გაძვირებისა და განათლების სისტემის პრობლემებს აპროტესტებენ და მათ შორის, ვინც "ანგრევს, არბევს და ძარცვავს."
  • მაკრონმა გააკრიტიკა "ულტრამემარცხენეების ჯგუფები, რომლებსაც მრავალი კრიმინალიც შეუერთდა."

სტრიქონებს შორის: მემარცხენე და მემარჯვენე პოლიტიკოსებმა შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის გადადგომა მოითხოვეს მას შემდეგ, რაც შაბათს მთავრობისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ძალადობის მასშტაბი - თავდასხმები და ცეცხლის წაკიდება სახელმწიფო შენობებზე, ავტობუსის გაჩერებების დანგრევა, ქუჩების ბლოკირება და მაღაზიების დარბევა.  

  • ორშაბათს დილით, მაკრონმა მწვავედ გააკრიტიკა ის "ჩავარდნები," რომლებმაც კრიზისი გამოიწვია, თუმცა ნუნიესის გადადგომაზე უარი თქვა.
  • "შინაგან საქმეთა მინისტრმა პრეზიდენტს გადადგომის შესახებ განცხადება კვირას წარუდგინა," - ნათქვამია ელისეს სასახლის განცხადებაში. "ამ ეტაპზე სამართალდამცავი ორგანოების უწყვეტი ხელმძღვანელობის აუცილებლობიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა უარი თქვა."
  • განცხადების თანახმად, მაკრონმა ნუნიესს დაავალა, "მიიღოს ყველა საჭირო ზომა იმ დაგეგმვისა და დაზვერვის ჩავარდნების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, რამაც ძალადობა გამოიწვია და დანერგოს უსაფრთხოების ძალების მუშაობის ახალი ოპერატიული მეთოდები კრიზისის დასაძლევად."

ჩაშლილად: კვირას, პარიზის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე დემონსტრანტები პოლიციას დაუპირისპირდნენ. ზოგიერთ ქუჩაზე ელექტროველოსიპედები შეაგროვეს და ცეცხლი წაუკიდეს. ისროდნენ ბოთლებსა და ქვებს, სანაგვე ურნებიდან კი სქელი კვამლი ადიოდა.  

  • შაბათს ათიათასობით მშვიდობიანი მომიტინგე მონაწილეობდა მსვლელობებში დიდ ქალაქებში, მათ შორის პარიზში, სადაც მხარს უჭერდნენ სკოლის მოსწავლეების მოთხოვნებს მასწავლებელთა რაოდენობის გაზრდისა და ავარიული სკოლების რეაბილიტაციის შესახებ.
  • ამ მსვლელობებს ესწრებოდნენ მშობლები, მასწავლებლები, პენსიონერები, მოსწავლეები და მუშები, რომლებიც მაღალ ფასებს აპროტესტებდნენ. დემონსტრანტებს ეჭირათ ბანერები წარწერით, რომ მთავრობა მათ არ უსმენს და ითხოვდნენ მეტ დაფინანსებას საჯარო სერვისებისთვის.
  • თუმცა, ამ მშვიდობიანი დემონსტრაციებისგან დამოუკიდებლად, სხვადასხვა ჯგუფმა დაიწყეს მობილური შეკრებები, ცეხლის გაჩენით, ქუჩების ბლოკირებითა და პოლიციასთან შეტაკებებით ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა პარიზი, ბორდო, ნიცა და მარსელი.
  • მოგვიანებით, ნიღბიანმა მძარცველებმა ისარგებლეს "ქაოსით" და ვიტრინები ჩაამტვრიეს და სხვადასხვა პროდუქცია გაიტაცეს. 

დიდი სურათი: პარიზში, სადაც პოლიციის ცნობით 855 ადამიანი დააკავეს, კვირას ქუჩები სავსე იყო ველოსიპედებით, ურნებითა და სხვა მასალებით აგებული ბარიკადების გადამწვარი ნარჩენებით.

  • ცენტრალურ საფრანგეთში მდებარე ქალაქ ლიმოჟში, სადაც XIX საუკუნის მერიის შენობა გადაწვეს, მერმა გიომ გერენმა განაცხადა, რომ შენობაში შეჭრილი ადამიანები "არ იყვნენ იდეისთვის მებრძოლი დემონსტრანტები," არამედ "ომისთვის ორგანიზებული ხალხი."
  • მისი თქმით, ვინც მერიაში შეიჭრა და ცეცხლი წაუკიდა, შენობის მეთვალყურეს მოკვლით დაემუქრნენ, ხოლო არჩეულ ოფიციალურ პირებს უთხრეს, რომ "დაწვავდნენ." მან აღნიშნა, რომ სახელმწიფომ კრიზისთან გამკლავება ვერ შეძლო.
  • "დაახლოებით 15:30 საათზე, ჩვენმა მუნიციპალურმა პოლიციამ, თუმცა მრავლად იყო წარმოდგენილი, ვეღარ შეძლო მეამბოხეების ძალადობასთან ბრძოლა, რადგან საბრძოლო მასალა გამოელიათ," - განაცხადა გერენმა და ამას "სახელმწიფოს კოლოსალური ჩავარდნა" უწოდა.

კონტექსტი: შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შაბათს თითქმის 2 400 ადამიანი დააკავეს, ხოლო ათასამდე პოლიციელი და ჟანდარმი დაშავდა, მათგან შვიდი მძიმედ.

  • ქალაქ სენტ-ეტიენში 17 წლის მოზარდს აქციის დასაშლელმა ყუმბარამ მარჯვენა ხელის მტევანი მოაწყვიტა.
  • მულუზში 17 წლის გოგონამ თვალი დაკარგა, რაზეც პოლიციამ გამოძიება დაიწყო. 
  • მაკრონის ცენტრისტულმა მთავრობამ და ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა მარინ ლე პენმა ძალადობაში "ულტრამემარცხენე" ჯგუფები დაადანაშაულეს. 
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე