მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

14:07 | 08 სექტემბერი, 2026 — საფრანგეთი

მძარცველებმა საფრანგეთის მუზეუმიდან რენუარის 4 ტილო მოიპარეს, გაქცევისას 2 ადგილზე მიატოვეს

ოგიუსტ რენუარის 1905 წლის ნახატი

8 სექტემბერს გამთენიისას, საფრანგეთის სამხრეთში მდებარე ოგიუსტ რენუარის მუზეუმიდან მძარცველებმა ცნობილი მხატვრის ოთხი ნახატი მოიპარეს, თუმცა გაქცევისას ორი მათგანი ადგილზევე მიატოვეს.

ვითარების არსი: ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მუზეუმში განგაშის სიგნალი ადგილობრივი დროით 05:48 საათზე ჩაირთო. პოლიცია შემთხვევის ადგილზე ხუთ წუთში მივიდა, თუმცა დამნაშავეებმა გაქცევა მაინც მოახერხეს.

როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, მძარცველებს ერთი ტილო გაქცევისას გაუვარდათ, მეორე კი მოგვიანებით მუზეუმის ბაღში იპოვეს.

მერის შეფასებით, მძარცველები "კარგად მომზადებულები და აღჭურვილები" იყვნენ - ღობე გადაჭრეს და შენობაში ბაღის მხრიდან შევიდნენ. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას რეაგირებისთვის სულ ხუთი წუთი დასჭირდა, მძარცველებმა პირველ სართულზე შეღწევა მაინც მოასწრეს, სადაც 12 ექსპონატი ინახებოდა.

"თავდამსხმელებს ელექტროხერხი ჰქონდათ, რითაც რენუარის ტილოების ჩარჩოების დამცავი კონსტრუქცია მოხსნეს." - დაამატა ქალაქის მერმა.

ფრანგული მედიის ცნობით, ოთხივე ნახატი დაახლოებით 9 მილიონი ევროს ღირებულებისაა.

მომხდარის გამო რენუარის მუზეუმი დროებით, გამოძიების დასრულებამდე დაიხურა.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე