17:56 | 03 აპრილი, 2026 — რუსეთი
ნატოს გაფართოების შეწყვეტა და ბალანსი რუსეთთან - აშშ-ს ახალი სტრატეგია
ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის მიხედვით, ვაშინგტონის პრიორიტეტი მომდევნო წლების განმავლობაში იქნება დასავლეთ ნახევარსფეროში გამაგრება, ჩინეთის გავლენის ზრდის შეკავება და რუსეთთან ახალი სტრატეგიული ბალანსის მიღწევა.
ვითარების არსი: განახლებული დოკუმენტი რამდენიმე საათის წინ თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ეს არის კონგრესის მიერ უფლებამოსილი დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია ადმინისტრაციის მიდგომა და მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური პრიორიტეტები მსოფლიოს ყველა რეგიონში.
დაეწიე ამბავს: დოკუმენტი რადიკალურად განსხვავდება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებული სტრატეგიისგან - განახლებულ ვერსიაში აღარ არის საუბარი უკრაინის დახმარებასა და რუსეთის შეკავებაზე.
2022 წლის დოკუმენტისგან განსხვავებით, წლევანდელი ვერსია საგრძნობლად მოკლეა და 33-გვერდიანია. ასევე ამოღებულია ქვეთავი რუსეთთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ და ამ თემაზე საუბარი მხოლოდ ევროპის მიმართ პოლიტიკის ქვეთავშია.
ჩაშლილად: დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო წლებში ვაშინგტონის მთავარი პრიორიტეტი იქნება დასავლეთ ნახევარსფეროში გამაგრება და რეგიონში მთავარი მეტოქეების გავლენის სრულად აღმოფხვრა.
ეს მიდგომა დახასიათებულია როგორც „ტრამპის დანამატი მონროს დოქტრინაზე“ – საუბარია მე-19 საუკუნეში პრეზიდენტ ჯეიმს მონროს მიერ გაჟღერებულ სტრატეგიაზე, რომლის მიხედვითაც დასავლეთ ნახევარსფერო აშშ-ის ექსკლუზიური გავლენის სფეროდ გამოცხადდა.
- „დრო, როდესაც აშშ ატლანტის მსგავსად უზრუნველყოფდა მსოფლიო წესრიგს, დასრულდა“ - ნათქვამია დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც რეგიონზე ფოკუსი ხელს შეუწყობს აშშ-ის საზღვრების უსაფრთხოებას, უკონტროლო მიგრაციისა და ნარკოტრაფიკის შეწყვეტას.
რასთან გვაქვს საქმე: სტრატეგია მწვავედ კრიტიკულია ევროპელი მოკავშირეების მიმართ და ნათქვამია, რომ კონტინენტი „ცივილიზაციური ეროზიის“ რისკის წინაშეა.
„ტრამპის ადმინისტრაცია წინააღმდეგობაშია ევროპულ მთავრობებთან, რომლებსაც უკრაინის ომთან დაკავშირებით არარეალისტური მოლოდინები აქვთ“ - ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთანავე, ამ ქვეყნების ლიდერები დოკუმენტში დახასიათებულნი არიან როგორც „უმცირესობის, არასტაბილური მთავრობები“ - ასევე ტექსტის მიხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ეს ევროპული ქვეყნები უწყობენ ხელს რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელებას.
„ფართო ევროპულ უმრავლესობას მშვიდობა სურს, თუმცა მათი სურვილი არ ითარგმნება პოლიტიკაში, დიდწილად ამ მთავრობების მიერ ძირგამოთხრილი დემოკრატიული პროცესის გამო“ - ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტში ასახულია მხარდაჭერა „ევროპის იმ პატრიოტული პარტიების მიმართ, რომელთა მხარდაჭერაც ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა“.
სტრიქონებს შორის: 2022 წლისგან განსხვავებით, რომელშიც საუბარი იყო რუსეთის მიერ წამოწყებულ „არაპროვოცირებულ ომზე“ და მისი შეკავება ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტად იყო დასახული, წლევანდელ ვერსიაში საუბარია მხოლოდ „უკრაინის ომზე“.
საკუთრივ რუსეთის შესახებ ნათქვამია მხოლოდ ის, რომ „ბევრი ევროპელი რუსეთს ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს“.
„რუსეთისა და ევროპის ურთიერთობების სტაბილიზაციისთვის საჭირო იქნება მნიშვნელოვანი ჩართულობა როგორც ევრაზიაში სტრატეგიული ბალანსის პირობების აღსადგენად, ასევე რუსეთსა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტის რისკის აღმოსაფხვრელად“ - ნათქვამია დოკუმენტში.
დიდი სურათი: დოკუმენტის მიხედვით, „უკრაინაში საომარი მოქმედებების სწრაფი და ხანგრძლივი შეწყვეტა“ შეერთებული შტატების ფუნდამენტური ინტერესია.
„ეს საჭიროა ევროპული ეკონომიკების სტაბილიზაციისთვის, უნებლიე ესკალაციის ან ომის გაფართოების პრევენციისთვის და რუსეთთან სტრატეგიული ბალანსის დასამყარებლად, ასევე იმისთვის, რომ პოსტსაომარ პერიოდში უკრაინამ შეძლოს აღდგენა და გადარჩენა სიცოცხლისუნარიან სახელმწიფოდ“ - ნათქვამია სტრატეგიაში.
შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ნატოს შესახებ ჩანაწერს ეხებოდეს - 2025 წლის დოკუმენტი მხარს უჭერს ნატოს გაფართოების შეწყვეტას, რასაც რუსეთი თითქმის 2 ათწლეულია ითხოვს.
ახლო აღმოსავლეთი: განახლებული სტრატეგიის მიხედვით, ახლო აღმოსავლეთი აშშ-ისთვის აღარ უნდა იყოს პრიორიტეტი, ხოლო წარსულში ამერიკის ფოკუსის მიზეზად „რეგიონის ენერგეტიკული რეზერვები“ სახელდება.
ამასთანავე, სტრატეგიის მიხედვით, აშშ-მ უნდა შეწყვიტოს დემოკრატიის წახალისება და თავისი პოლიტიკური სისტემის თავს მოხვევა რეგიონული პარტნიორებისთვის და ნაკლები აქცენტი გააკეთოს ამ ქვეყნების შიგნით ადამიანის უფლებების დარღვევებზე.
„ეს უნდა იყოს მშვიდობის, მეგობრობისა და ინვესტიციის ადგილი“ - ნათქვამია დოკუმენტში.
ჩინეთი: ტრამპის სტრატეგია ითვალისწინებს მთელ მსოფლიოში ჩინეთის გავლენის შემცირებას და ტაივანთან მიმართებით არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას.
ამასთანავე, საუბარია ჩინეთთან ორმხრივად მომგებიანი ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაგრძელების აუცილებლობაზე, რაც აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ნაწილი უნდა იყოს.
„ჩვენ ვინარჩუნებთ ტრადიციულ მიდგომას - ამერიკის შეერთებული შტატები არ უჭერს მხარს სტატუს-კვოს ცალმხრივ ცვლილებას ტაივანის სრუტეში“ - ნათქვამია დოკუმენტში.
კონტექსტი: განახლებულ სტრატეგიაში ნათქვამია, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ მოქმედი ადმინისტრაციები ხშირად ცდილობდნენ შეერთებული შტატების სასიცოცხლო ინტერესების ცნების გაფართოებას „ისე, რომ მის მიღმა არცერთი საკითხი არ დარჩენილიყო“.
ტრამპის დოკუმენტი მწვავედ აკრიტიკებს ასეთ მიდგომას - „ყველაფერზე ფოკუსირება ნიშნავს არაფერზე ფოკუსირებას“.
„შეერთებული შტატები ყველა არსებული საზომით მსოფლიოს ყველაზე ხელგაშლილი სახელმწიფოა, მაგრამ ჩვენ უბრალოდ არ ძალგვიძს, ვიყოთ თანაბრად ყურადღებიანი ყველა რეგიონისა და მსოფლიოში არსებული ყველა პრობლემის მიმართ“ - ნათქვამია დოკუმენტში.