მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

14:03 | 14 სექტემბერი, 2026 — დიდი ბრიტანეთი

ნატოს მაღალჩინოსანი Tinder-ში გაცნობილი ქალის გამო ჯაშუშურ სკანდალში გაეხვა

ნატოს ესპანელი მაღალჩინოსანი ოფიცრის ურთიერთობამ ქალთან, რომელიც მან Tinder-ში გაიცნო, ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე უსაფრთხოების განგაში გამოიწვია - მიზეზი ეჭვი გახდა, რომ ქალი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა.

ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.

ვითარების არსი: ესპანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიცერი ჰერტფორდშირში მდებარე ნატოს გაერთიანებულ საზღვაო სარდლობაში მსახურობდა - ბაზაზე, რომელიც ბრიტანეთის წყლებში რუსული წყალქვეშა ნავებისა და ხომალდების გადაადგილებას აკონტროლებს და ვლადიმირ პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სანქცირებულ ტანკერებს აკვირდება.

  • ოფიცერმა გაცნობის აპლიკაცია Tinder-ით გაიცნო 49 წლის ჯანინა უაითი, რომელიც აღმოსავლეთ ლონდონში ცხოვრობს.
  • უაითი ბრიტანეთისა და პოლონეთის ორმაგი მოქალაქეა, თუმცა დაბადებულია საბჭოთა რუსეთში.

რა მოხდა: ესპანეთისა და ნატოს უსაფრთხოების სამსახურებს ქალის მიმართ ეჭვები გაუჩნდათ, რის გამოც ესპანელი ოფიცერი მოვალეობის შესრულებას ჩამოაშორეს.

  • ბრიტანულმა პერსონალმა მას საშვი ჩამოართვა, ბაზის მეთაურმა კი ობიექტის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა, სანამ კონტრდაზვერვა მოკვლევას აწარმოებდა.

  • 2025 წლის ზაფხულში ოფიცერი ბაზიდან საბოლოოდ გაიწვიეს და ესპანეთში დააბრუნეს.

ჯანინა უაითის პოზიცია: უაითი ჯაშუშობის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ რუსული წარმომავლობის გამო უსამართლო დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა. იგი არასდროს დაუკავებიათ და არცერთ ოფიციალურ გამოძიებას მისი უცხო ქვეყნის აგენტობა არ დაუდასტურებია.

  • „ზუსტად ვიცი, რომ რუსეთის ჯაშუში არ ვარ. ბოლოს როცა გადავამოწმე, ნამდვილად არ ვიყავი“, - განუცხადა მან The Telegraph-ს.

FSB-სთან შეხვედრა: მიუხედავად უარყოფისა, თავად უაითი ყვება, რომ გასულ თვეს სანკტ-პეტერბურგში, ავადმყოფი მამის მოსანახულებლად ყოფნისას, მას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) ოფიცერი დაუკავშირდა.

  • აგენტმა, სახელად „ანდრეიმ“, მეტროსთან მდებარე კაფეში ყავაზე დაპატიჟა და ორი საათის განმავლობაში დეტალურად დაკითხა ბრიტანულ ბაზაზე მიმდინარე უსაფრთხოების გამოძიებასა და ნატოს ოფიცერთან მის ურთიერთობაზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დასავლური სპეცსამსახურები სულ უფრო ხშირად აფრთხილებენ ნატოს პირად შემადგენლობას, რომ მტრული სახელმწიფოების დაზვერვა (პირველ რიგში რუსეთი და ჩინეთი) გაცნობის პლატფორმებს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის მქონე ოფიცრების მოსაძებნად, დასაშანტაჟებლად და გადასაბირებლად აქტიურად იყენებს.

  • ინციდენტის გამო ბრიტანეთის თავდაცვის უწყებამ ბაზებზე ციფრული მოწყობილობებისა და სოციალური აპლიკაციების გამოყენების წესების მკვეთრი გამკაცრება დაიწყო.

კონტექსტი: ევროპაში ჰიბრიდული საფრთხეებისა და დივერსიების მატების ფონზე, ნატოს ბაზები და საკვანძო შტაბები უცხოური დაზვერვის პრიორიტეტულ სამიზნედ რჩება.

  • კონტრდაზვერვა სამხედრო პერსონალს მუდმივად მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან ოპერატიული უსაფრთხოების ნორმები და პირად ონლაინ კომუნიკაციებში საკუთარი სამსახურებრივი სტატუსი და ადგილმდებარეობა დამალონ.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე