დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

18:52 | 05 ნოემბერი, 2026 — საფრანგეთი

რა გეგმა აქვს მაკრონს ლე პენის წინააღმდეგ?

საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურამდე ექვს თვეზე ნაკლები რჩება, თუკი აქამდე მაკრონის კაბინეტში მღელვარება ნაკლებად იგრძნობოდა, ახლა სიტუაცია შეიცვალა. არსებული რეალობიდან გამომდინარე,  ემანუელ მაკრონი ფიქრობს, რომ მარინ ლე პენისა და ჟან-ლუკ მელანშონის მეორე ტურის თავიდან აცილება მხოლოდ ფართო კოალიციას შეუძლია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მაკრონმა ათი წლის წინ დაპირება გასცა, რომ ულტრამემარჯვენე "ეროვნულ გაერთიანებას" [მარინ ლე პენის პარტია] არ გაამრჯვებინებდა. იმ დროს, მაკრონმა ეს პირობა მართლაც შეასრულა, თუმცა მისი პრეზიდენტობის მიწურულს - მარინ ლე პენის შანსები მნიშვნელოვნად გაზრდილია, ხოლო ცენტრისტული ბანაკი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, რაც ვითარებას ართულებს. 

რამდენიმე დეტალი:

  • ედუარ ფილიპი, რომელიც დიდხანს ითვლებოდა ულტრამემარჯვენეების დამარცხების ყველაზე რეალურ კანდიდატად, ბოლო გამოკითხვებში პოპულარობას კარგავს.
  • ამით რადიკალური მემარცხენე პარტიის, „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ კანდიდატი, ჟან-ლუკ მელანშონი სარგებლობს, რომელიც მეორე ტურში გადასვლის მნიშვნელოვან შანსებს ინარჩუნებს. ლე პენის მსგავსად, პარტიების უმრავლესობისთვის მელანშონიც ტოქსიკურად ითვლება. 
  • ლე პენი–მელანშონის მეორე ტური მაკრონისთვის, ისევე როგორც ცენტრისტული და ტრადიციული პარტიებისთვის „კოშმარული სცენარია“.

ხაზგასასმელია ისიც, რომ ჩამოყალიბების შემთხვევაში, ცენტრისტული კანდიდატი მეორე ტურში გადასვლის ფავორიტი იქნება, თუმცა ამ მომენტში - ბევრს სურს ლიდერის სტატუსის მორგება. 

მაკრონის ფორმულა:

  • ერთი საერთო ცენტრისტი კანდიდატი, რომელსაც ფართო კოალიცია დაუჭერს მხარს: სოციალ-დემოკრატებიდან მემარჯვენეებამდე.
  • მისი წარმოდგენით, ეს კოალიცია ცენტრისტ-მემარცხენე რაფაელ გლუკსმანიდან მემარჯვენე დავიდ ლისნარამდე უნდა გაიჭიმოს, თუმცა ლისნარი ულტრამემარჯვენე „რეკონკისტის“ ევროდეპუტატის, სარა კნაფოს სიახლოვეს ავლენს.
  • კოალიცია საჭიროა არა მხოლოდ პირველი ტურის გასავლელად, არამედ ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობის მოსაპოვებლადაც.
  • პრაიმერის იდეის მაკრონს არასდროს სჯეროდა, რასაც ლიდერების ნაწილი (გაბრიელ ატალი, ბრუნო რეტაიო) ემხრობიან. 

ედუარ ფილიპთან განსხვავება:

ედუარ ფილიპი, რომელიც ცენტრისტული ბანაკის ყველაზე იმედისმომცემ კანდიდატად მიიჩნევა,  მემარცხენე-მემარჯვენე ტრადიციულ დაპირისპირებაზე დაბრუნების იდეას ეყრდნობა და სამოამვლო პოლიტიკურ ფსონსაც ამ ჩარჩოთი განსაზღვრავს. მაკრონის აზრით კი, მისი ყოფილი პრემიერი ცდება და  2027 წლის არჩევნებს კვლავ სამმხრივი გაყოფა განსაზღვრავს: ცენტრი და ორი უკიდურესობა.

ხაზგასასმელია ისიც, რომ ემანუელ მაკრონი ყოფილ მინისტრებს - იქნება ეს ედუარ ფილიპი თუ მისი პარტია "რენესანსის" თავმჯდომარე გაბრიელ ატალი, რომელსაც ასევე სურს პრეზიდენტობის კანდიდატობა, მისი პოლიტიკის დაცვის ვალდებულებისგან "ათავისუფლებს" და ამბობს, რომ პასუხისმგებლობას სრულად იღებს საკუთარ თავზე. 

თუმცა, თუკი არჩევნებში ცენტრისტული ბლოკი დამარცხდება, მისი აზრით, მიზეზი გაერთიანებისთან დაკავშირებული პრობლემები იქნება და არა პერსონალურად ის. 

რას უნდა ველოდოთ ელიზეს სასახლედან უახლოეს მომავალში:

  • მაკრონი ფიქრობს, საპრეზიდენტო კამპანიაში საჯაროდ ჩაერიოს თუ არა, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 
  • ის პროაქტიურად ცდილობს დაძაბულობის განმუხტვას: ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაწყებული დემონსტრაციები, კანდიდატებს პროგრამების წარდგენის საშუალებას არ აძლევს.
  • მანდატის ბოლომდე მაკრონი ევროპასა და საერთაშორისო საკითხებზე ფოკუსირებას აპირებს. მისი ერთ-ერთი უკანასკნელი მცდელობაა, რომ მიუმხრობელი ქვეყნების კოალიცია ააწყოს: სამხრეთ კორეა, სინგაპური, ავსტრალია და კანადა, რომლებიც ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაპირისპირებაში აღმოჩნდნენ.

მაკრონი ლე პენის გამარჯვებას გარდაუვლად არ მიიჩნევს, მაგრამ მისი გადარჩენის გეგმა სწორედ იმ კოალიციაზეა დამოკიდებული, რომლის შექმნაც თავად ორჯერ ვერ შეძლო.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე