დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

14:46 | 05 ნოემბერი, 2026 — რუსეთი

ტრამპის და პუტინის დიზელის შეთანხმება ჩაიშალა - FT

Financial Times-ის ცნობით, ორმა ტანკერმა, რომელთაც რუსული დიზელი გადაჰქონდათ, უარი თქვა აშშ-ის მიმართულებით სვლაზე.

ვითარების არსი: შეთანხმება, რომელსაც დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე მიაღწიეს, მიზნად ისახავდა აშშ-ში დიზელის დეფიციტის შემსუბუქებასა და საწვავის ფასების შემცირებას.

  • თუმცა, როგორც ჩანს, ამერიკელი მყიდველები ერიდებიან რუსული ტვირთის მიღებას სანქციებისა და სამართლებრივი რისკების გამო.
  • FT-ის ცნობით, რუსულმა ტანკერმა Talisman-მა (რომელიც სანქცირებულია აშშ-ის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ) და სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა ტანკერმა Leruo-მ (რომელიც სანქცირებულია ბრიტანეთის, ევროკავშირისა და კანადის მიერ) დანიშნულების ადგილად აშშ-ის ატლანტიკის სანაპირო აღარ მიუთითეს.
  • Leruo-მ გამოცხადებული დანიშნულების ადგილი 2 ნოემბერს ბრაზილიით შეცვალა, ხოლო Talisman ატლანტიკის ოკეანეს ჩამოშორდა და ხმელთაშუა ზღვაში შევიდა. ბოლო მონაცემებით, ის ალჟირის ნაპირებთან იმყოფებოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გემი ბრძანებას ელოდება.

სტრიქონებს შორის: მესამე ტანკერი, საბერძნეთის საკუთრებაში არსებული Agioi Fanendes, კვლავ აშშ-ისკენ მიემართებოდა, თუმცა საბოლოო დანიშნულების ადგილი დადასტურებული არ ჰქონდა. სავარაუდოდ, ის ნიუ-იორკს კვირის ბოლოს მიაღწევს.

  • სანაოსნო-ანალიტიკური კომპანია Kpler-ის ანალიტიკოსმა, მეთ სმიტმა FT-ს განუცხადა, რომ ამერიკელი მყიდველების აშკარა სიფრთხილე - მარეგულირებელი, საკანონმდებლო და სანქციებთან დაკავშირებული რისკების გამო - ნიშნავს, რომ შესაძლოა მესამე ტანკერმაც შეიცვალოს კურსი.
  • ამასთანავე, კიდევ ერთი სანქცირებული ტანკერი Beast, რომელიც რუსული დიზელით 27 ოქტომბერს პრიმორსკის პორტში დაიტვირთა, ასევე აშშ-ის ატლანტის სანაპიროსკენ მიცურავდა.

დიდი სურათი: ამ გადაზიდვებს შეერთებულ შტატებში პოლიტიკური წინააღმდეგობა მოჰყვა. ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა, მიკი შერილმა პორტისა და ტერმინალის ოპერატორები რუსული დიზელის ტვირთის მიღების რისკებზე გააფრთხილა.

  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პუტინთან დიზელის შეთანხმების შესახებ 9 ოქტომბერს გამოაცხადა, რის შემდეგაც აშშ-ის ხაზინამ დროებითი ლიცენზია გასცა, რამაც რუსულ დიზელს გლობალურ ბაზრებზე დაბრუნების საშუალება მისცა.
  • პუტინთან შეთანხმება გააკრიტიკეს როგორც დემოკრატმა, ისე რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს მისი კანონიერება.
  • საწვავის ბაზარზე კრიზისი იმ ფონზე შეიქმნა, როდესაც აშშ-ში დიზელის მარაგები ბოლო 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად ჩამოცდა 100 მილიონ ბარელს. FT-ის ცნობით, ირანთან აშშ-ის ომის დაწყების შემდეგ დიზელის ფიუჩერსები 60%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო ფასმა ბენზინგასამართ სადგურებზე გალონზე 6.27 დოლარს მიაღწია.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე