ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანი მისი შვილის მოკვლას ცდილობდა.
ვითარების არსი: ისრაელის მე-14 არხთან სატელეფონო ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობა იგეგმებოდა. მან უარი თქვა დაეკონკრეტებინა ვისზე იყო თავდასხმის მცდელობა - 35 წლის იაირ ნეთანიაჰუზე თუ 31 წლის ავნერ ნეთანიაჰუზე.
- "აქ არის რაღაც დაუჯერებელი. ირანის სამიზნე იყო ჩემი ერთ-ერთი შვილი. ირანი ცდილობდა მოეკლა, მოეკლა ჩემი ერთ-ერთი შვილი," - განაცხადა ნეთანიაჰუმ. "სწორედ ამიტომ, უსაფრთხოების დაცვა არ არის ფუფუნება. მის გარეშე მათ [ირანს] შესაძლოა წარმატებისთვის მიეღწიათ."
სტრიქონებს შორის: 25 აგვისტოს, ამერიკულმა მემარჯვენე გამოცემა Newsmax-მა სამართალდამცავ ორგანოებში წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანმა ფლორიდაში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს 35 წლის შვილის, იაირის მკვლელობა სცადა.
- Newsmax-თან საუბრისას წყარომ განაცხადა, რომ ისრაელის დაზვერვამ 2025 წლის დეკემბერში შეიტყო, რომ ირანი ფლორიდაში იაირ ნეთანიაჰუს მკვლელობას გეგმავდა. სადაზვერვო სააგენტოებს მიაჩნიათ, რომ ირანელი აგენტები მაიამის რაიონში "ადგილზე იყვნენ" და პრემიერის შვილის გადაადგილებას აკვირდებოდნენ.
- სტატიაში ნათქვამია, რომ იაირს უბრძანეს, დაუყოვნებლივ დაეტოვებინა ფლორიდა და ისრაელში დაბრუნებულიყო. ასევე აღნიშნულია, რომ მან ტანსაცმლის ჩალაგების გარეშე დატოვა აშშ-ის ტერიტორია და მას შემდეგ ისრაელში ცხოვრობს.
იაირ ნეთანიაჰუ, ბენიამინ ნეთანიაჰუს შვილი.
დიდი სურათი: ისრაელის "მე-12 არხმა" გავრცელა ინფორმაცია, რომ მკვლელობის მცდელობის შესახებ ზოგიერთი მედიასაშუალებისთვის თვეების განმავლობაში იყო ცნობილი, თუმცა ინფორმაციის გამოქვეყნება მანამდე სამხედრო ცენზურით იკრძალებოდა.
- ნეთანიაჰუს ორი ვაჟი ჰყავს, იაირი და ავნერი. ავნერი ისრაელში ცხოვრობს, ხოლო იაირი ძირითადად მაიამიში ცხოვრობდა.
- ნეთანიაჰუმ მკვლელობის მცდელობის შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც მისი ოჯახისთვის სამთავრობო დაცვის მასშტაბის გაზრდა ოპოზიციამ გააკრიტიკა.
- ივლისში ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა გაახანგრძლივა დაცვა ნეთანიაჰუს მეუღლისა და შვილებისთვის. მოსალოდნელია, რომ პრემიერის შვილები სახელმწიო დაცვის სამსახურის სერვისით ხუთი წლის განმავლობაში ისარგებლებენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნეთანიაჰუ თანამდებობას დატოვებს.