NYT: ტრამპი პუტინს ომის დასრულებამდე მსხვილ ბიზნესგარიგებებს სთავაზობს
ვლადიმირ პუტინის და დონალდ ტრამპის შეხვედრა ალასკაზე, 15 აგვისტო, 2025 წელი.
აშშ-ის კონგრესმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი, "ჯოჯოხეთური სანქციების" პაკეტი დაამტკიცა, თუმცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვლადიმერ პუტინთან სრულიად განსხვავებულ, ეკონომიკური წახალისების სტრატეგიაზე გადადის.
ამის შესახებ ვრცელ მასალას The New York Post ავრცელებს
ვითარების არსი: გამოცემის თანახმად, თეთრი სახლი განიხილავს რუსეთთან ბიზნესგარიგებების გაფორმებას მანამ, სანამ უკრაინაში საომარი მოქმედებები შეწყდება.
ეს ტრამპის წინა სტრატეგიის სრული შემობრუნებაა - აქამდე ის აცხადებდა, რომ მოსკოვთან არანაირი ეკონომიკური შეთანხმება არ შედგებოდა ომის დასრულებამდე.
რა არის ვაშინგტონის გათვლა: ამერიკელი მაღალჩინოსნების ცნობით, ადმინისტრაციის მთავარი მიზანია, რუსულ ელიტას და პუტინის გარემოცვაში მყოფ ანტიამერიკელ "ქორებს" მშვიდობისკენ უბიძგოს.
გამოცემის წყაროების თანახნად, ომის დასრულებამდე დადებული კონკრეტული ეკონომიკური შეთანხმებები კრემლს დაანახებს, რომ აშშ რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვას მართლაც სერიოზულად უყურებს.
რუსული მხარე უკვე აქტიურად სთავაზობს თეთრ სახლს იშვიათი ლითონებისა და ალუმინის ერთობლივ მოპოვებას, არქტიკის ათვისებასა და ამერიკული კომპანიების ჩართვას ევროპისთვის რუსული გაზის მიყიდვის პროცესში.
კუშნერის სკეპტიციზმი: მოლაპარაკებებზე პუტინმა ამერიკელ შუამავლებს, ჯარედ კუშნერსა და სტივ ვიტკოფს თავდაჯერებულად განუცხადა, რომ რუსეთი რამდენიმე თვეში სრულად დაიკავებდა დონბასს და უკრაინის ენერგოსისტემას გაანადგურებდა.
კუშნერის პასუხი იყო მწვავე: "სრული პატივისცემით, ზუსტად იგივე გვითხარით ერთი წლის წინ. რა არის იმის შანსი, რომ მომავალ წელსაც აქ დავბრუნდეთ და ისევ იგივე გაიმეოროთ? იქნებ ერთი წელი არ დავკარგოთ?"
კონტექსტი და მომავალი ნაბიჯები: ეს სტრატეგია რადიკალურად განსხვავდება კონგრესისა და კიევის პოზიციისგან, რომლის მიხედვითაც, პუტინს დათმობაზე მხოლოდ ეკონომიკური წნეხი წავა.
პარალელურად, ტრამპი აპირებს ხელი მოაწეროს ახალ კანონპროექტს, რომელიც რუსული ნავთობისა და გაზის მყიდველებს 100%-იან ტარიფებს უწესებს.
ადმინისტრაციის ეს ორმაგი თამაში ოქტომბერში უნდა გამოჩნდეს, როდესაც აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებაა მოსალოდნელი.
მთავარი თემა, სავარაუდოდ, შეზღუდული ზავი იქნება - შავი ზღვის ნაოსნობისა და ენერგოინფრასტრუქტურის ხელშეუხებლობის გარანტიებით.