19:27 | 05 ნოემბერი, 2026 — აშშ
პიტ ჰეგსეთის იმპიჩმენტზე კენჭისყრა შესაძლოა მომავალ კვირას გაიმართოს - CNN
აშშ-ის თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთს იმპიჩმენტი ემუქრება. 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების მძიმე მარცხის შემდეგ, პარტიის ნაწილმა პასუხისმგებლობის დაკისრება სწორედ მასზე დაიწყო.
ინფორმაციას ამის შესახებ ტელევიზია CNN ავრცელებს.
ვითარების არსი: CNN-ის ცნობით, რესპუბლიკელი კონგრესმენი თომას მასი მომავალ კვირას, კონგრესის მუშაობის განახლებისთანავე, ჰეგსეთის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრის გამართვას გეგმავს.
CNN-ის რამდენიმე რესპუბლიკური წყარო ვარაუდობს, რომ ინიციატივა წარმომადგენელთა პალატაში მხარდაჭერას მოიპოვებს.
დემოკრატებიც გეგმავენ ირანთან ომის შესახებ მასშტაბურ გამოძიებას, რომლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჰეგსეთი იქნება.
რატომ ჰეგსეთი?: რესპუბლიკელების ნაწილი მიიჩნევს, რომ თავდაცვის მდივანმა გადამწყვეტი როლი ითამაშა დონალდ ტრამპის დარწმუნებაში, ირანის წინააღმდეგ ომი დაეწყო.
მათი ბრალდებით, ჰეგსეთმა:
გადაჭარბებულად შეაფასა ირანზე სწრაფი და მარტივი გამარჯვების შესაძლებლობა;
ომის დასრულების მკაფიო სტრატეგიის გარეშე დაუჭირა მხარი სამხედრო მოქმედებებს;
ომის გაჭიანურების მიუხედავად, სამხედრო ესკალაციის გაგრძელებას მოითხოვდა.
CNN-ის მიხედვით, რესპუბლიკელების ნაწილი ამტკიცებს, რომ ირანთან ომმა გაამწვავა ეკონომიკური პრობლემები და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი არჩევნებში პარტიის დამარცხებას. ამასთან, ბევრი მათგანი უშუალოდ ტრამპის დადანაშაულებას ერიდება.
სტრიქონებს შორის: Axios-ის ცნობით, ჰეგსეთის პოზიციები ტრამპის ადმინისტრაციაშიც შესუსტებულია. გამოცემის წყაროების თანახმად, რესპუბლიკელების მძიმე საარჩევნო მარცხის შემდეგ თეთრ სახლში განიხილავენ, ვინ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად კი სწორედ თავდაცვის მდივანი მიიჩნევა.
თუ ტრამპი ჰეგსეთის გათავისუფლებას გადაწყვეტს, შესაძლოა ეს 2027 წლის 3 იანვრამდე გააკეთოს, სანამ სენატში უმრავლესობას რესპუბლიკელები ინარჩუნებენ.
ამის შემდეგ ახალი თავდაცვის მდივნის დამტკიცება შესაძლოა მნიშვნელოვნად გართულდეს.
Axios ასევე წერს, რომ ჰეგსეთს შესაძლოა ტენესის შტატიდან სენატორის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა გაუჩნდეს. ტრამპმა ეს იდეა დადებითად შეაფასა, თუმცა განაცხადა, რომ ასეთი გეგმის შესახებ არაფერი სმენია.
რას ამბობს ტრამპი?: პრეზიდენტი საჯაროდ კვლავ იცავს ჰეგსეთს და აცხადებს, რომ ის თავის საქმეს კარგად ასრულებს.
- 4 ნოემბერს ტრამპმა თქვა, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლებას არ გეგმავს.
- თავად ჰეგსეთიც გადადგომას არ აპირებს და იმპიჩმენტის მცდელობისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მზადაა.
- პენტაგონი მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს.
კონტექსტი: 3 ნოემბრის არჩევნების შედეგად დემოკრატებმა კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს.
- იანვრიდან მათ შესაძლებლობა ექნებათ, ტრამპის ადმინისტრაციის საქმიანობის საპარლამენტო გამოძიებები წამოიწყონ.
- თუმცა მნიშვნელოვანია განსხვავება: წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტის მხარდაჭერა ჰეგსეთის ავტომატურ გათავისუფლებას არ ნიშნავს. თანამდებობიდან მის ჩამოშორებას სენატში ხმების ორი მესამედი დასჭირდება.