დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

16:25 | 19 ოქტომბერი, 2026 — რუსეთი

პუტინს ტრამპთან და სი ძინფინგთან შეხვედრა სურს უკრაინის შეთანხმების განსახილველად - WSJ

ვლადიმერ პუტინს აქვს ინიციატივა, რომ ის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის ლიდერი სი ძინფინგი მომავალ თვეში შეხვდნენ უკრაინაში არსებული სიტუაციის განსახილველად, რათა ომის დასრულებაზე იმსჯელონ.

ვითარების არსი: The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ "ეს გეგმა არის პუტინის მცდელობა, ისარგებლოს ტრამპთან ურთიერთობების დათბობით, რამაც უკრაინასა და ვაშინგტონსა თუ ევროპაში მის მოკავშირეებს შორის შეშფოთება გამოიწვია. ასეთი სამიტი - უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობის გარეშე - უპრეცედენტო იქნება და განგაშს გამოიწვევს ევროპულ დედაქალაქებში."

  • რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის თქმით, პუტინმა ეს იდეა ტრამპთან 9 ოქტომბერს სატელეფონო საუბრისას განიხილა.
  • ამ საუბრის შედეგად მხარეებმა ასევე გააფორმეს შეთანხმება აშშ-ის მიერ რუსული დიზელის საწვავის შესყიდვისა და მსოფლიო ბაზარზე მისი გაყიდვის ხელშეწყობის შესახებ.

სტრიქონებს შორის: კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ შესაძლო შეხვედრის განხილვა მიმდინარეობს.

  • "ჯერჯერობით არ არის მკაფიო გაგება უშუალოდ შეხვედრის ან მისი შესაძლო დღის წესრიგის შესახებ, თუმცა სამივე მხარე აღიარებს ასეთი შეხვედრის ჩატარების შესაძლებლობას," - განუცხადა მან WSJ-ს.
  • გამოცემასთან საუბრისას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ტრამპი ასეთი სამიტის ჩატარებას ჯერ არ დათანხმებია.
  • ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა შესაძლოა ეს იდეა დადებითად მიიღოს, იმის გათვალისწინებით, რომ ომის დასრულების შესახებ წინსაარჩევნო დაპირება ჯერ კიდევ შეუსრულებელია.

ჩაშლილად: გამოცემის წყაროების ცნობით, კრემლმა სამმხრივი დიალოგის აზიურ-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) მომავალი სამიტის ფარგლებში გამართვის საკითხი დააყენა, რომელიც 18-19 ნოემბერს ჩინეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ შენჟენში შედგება.

  • "პოტენციური სამმხრივი დიალოგი ჩინეთის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სი ძინფინგისთვის მის ძალისხმევაში - განამტკიცოს ჩინეთის როლი, როგორც გავლენიანი დიპლომატიური შუამავლისა, აღნიშნეს ანალიტიკოსებმა, რომლებიც ჩინეთს სწავლობენ. რუსმა ოფიციალურმა პირებმა ეს იდეა პეკინს დიპლომატიური არხებით წარუდგინეს, ხოლო ჩინურმა მხარემ მიანიშნა, რომ წინააღმდეგი არ იქნებოდა, თუ ტრამპიც შეუერთებოდა," - წერს WSJ.

დიდი სურათი: აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაადანაშაულა, რომ მას თითქოს არასდროს სურდა ომის დასრულება.

  • მანამდე ზელენსკიმ ტრამპი დაადანაშაულა უკრაინაზე ზეწოლის მცდელობაში რუსეთის წინაშე მისი კაპიტულაციის მიზნით, ასევე Patriot-ის რაკეტაების მიწოდების შეფერხებაში.

ასევე ნახე