17:05 | 24 ოქტომბერი, 2026 — ირანი
Reuters: ომის განახლების შემთხვევაში ირანი საზღვაო ინტერნეტ კაბელების გადაჭრას გეგმავს
ამერიკასთან ომის განახლების შემთხვევაში ირანი სპარსეთის ყურეში გამავალი ინტერნეტ და საკომუნიკაციო კაბელების გადაჭრას გეგმავს.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში (ირგკ) საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
- კორპუსის მაღალჩინოსანს ჰოსეინ მოჰეიბის საჯაროდაც აქვს ნათქვამი, რომ ირანის სამიზნე ჰორმუზის სრუტეში გამავალი 7 მსხვილი ინტერნეტ კაბელი იქნება.
ჩაშლილად: "თუ ირანი კიდევ ერთხელ გახდება თავდასხმის მსხვერპლი, აღარ იარსებებს წითელი ხაზები. ჩვენ მივიტანთ დარტყმებს ყველაფერზე ინტერნეტ კაბელებიდან სამხედრო ბაზებამდე, მათ შორის საიდუმლო სამხედრო ბაზებზეც"- ამბობს ერთ-ერთი წყარო.
- მასალის ავტორები აღნიშნავენ, რომ ირანი ესკალაციისთვის ემზადება და ამჯერად უფრო მასშტაბური დარტყმების ორგანიზებას აპირებს.
- ირგკ-ის ერთ-ერთი მეთაურის, მოჰსენ რეზაის თქმით, ირანის სამიზნე გახდება სპარსეთის ყურის ქვეყნებში მდებარე ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების ინფრასტრუქტურაც - მონაცემთა შენახვისა და დამუშავების ცენტრები.
დიდი სურათი: ჰორმუზის სრუტეში გლობალური მნიშვნელობის ინტერნეტ კაბელი არ გადის. საუბარია კაბელებზე, რომლებიც გლობალური ტრაფიკის 1%-ზე ნაკლებს უზრუნველყოფენ, შესაბამისად მუქარის ასრულების შემთხვევაშიც შეტევას გლობალური შედეგები ვერ ექნება.
- გაცილებით უფრო მნიშვნელოვან საკომუნიკაციო არხები გადის წითელ ზღვაში, სადაც ირანის მოკავშირე ჰუსიტების დაჯგუფება ოპერირებს - აქ გამავალ კაბელებზე გლობალური ტრაფიკის 10% მოდის, თუმცა საჯაროდ არაფერია ცნობილი, რომ ჰუსიტებს ასეთ შეტევას აპირებდნენ.
- რეგიონის მკველვრის, ალექს ვატანკას ცნობით, ამგვარი მუქარებით ირანი ცდილობს წნეხის გაზრდას რეგიონში ამერიკის მოკავშირეებზე, რომ მათ თავის მხრივ გაზარდონ წნეხი ამერიკის ადმინისტრაციაზე.
კონტექსტი: დონალდ ტრამპმა გასულ კვირებში რამდენიმეჯერ განაცხადა ირანის წინააღმდეგ ომის შესაძლო განახლების შესახებ, თუმცა საჯაროდ გამორიცხა ამის გაკეთება კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე, რომელიც 3 ნოემბერსაა ჩანიშნული.