რუსეთმა სომხეთი გააფრთხილა, რომ შესაძლოა ცალმხრივად შეაჩეროს ან დენონსირება გაუკეთოს რესპუბლიკაში ბუნებრივი აირის, ნავთობპროდუქტებისა და დაუმუშავებელი ალმასების მიწოდების შესახებ შეთანხმებას, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს გააგრძელებს.
ვითარების არსი: რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა სერგეი ცივილევმა ამის შესახებ განაცხადა წერილში, რომელიც 25 მაისს, სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაუგზავნა. ინფორმაციას გამოცემა "კომერსანტი" ავრცელებს, რომელმაც წერილის ასლი შეისწავლა.
- რუსეთმა და სომხეთმა ეს შეთანხმება 2013 წელს გააფორმეს. შეთანხმების ფარგლებში რუსეთმა უვადოდ გააუქმა საექსპორტო ბაჟი სომხეთისთვის ნავთობპროდუქტების, გაზისა და ალმასების მიწოდებაზე.
- თუ შეთანხმება შეწყდება, სომხეთს მოუწევს რუსეთისთვის კომპენსაციის გადახდა, ან გადაუხდელი თანხები აღიარებული იქნება მის სახელმწიფო ვალად რუსეთის ფედერაციის წინაშე.
სტრიქონებს შორის: ანალიტიკოსების აზრით, შეთანხმების გაუქმების შემთხვევაში, სომხეთი შესაძლოა რთულ ვითარებაში აღმოჩნდეს, რადგან ქვეყანას გაუჭირდება რუსული მიწოდების ჩანაცვლება.
- სომხეთი რუსეთიდან იღებს გაზის საერთო მოცულობის 85%-ს, ნავთობპროდუქტების არანაკლებ 62%-ს და ასევე ყველა იმპორტირებული ალმასის 50%-ს.
დიდი სურათი: ბოლო წლებში სომხეთი აქტიურად ცდილობს ევროკავშირთან დაახლოებას.
- სომხეთი ვარაუდობს, რომ ორ წელიწადში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. სომხეთმა ევროკავშირთან და აშშ-სთან თანამშრომლობის გაძლიერება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რუსეთმა, ფაქტობრივად, უარი თქვა მის მხარდაჭერაზე აზერბაიჯანთან კონფლიქტში.
- 2025 წელს სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ.
კონტექსტი: მოსკოვი ცდილობს გავლენა მოახდინოს 7 ივნისს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე. რუსეთის ხელისუფლება სომხეთს მოუწოდებს, მიიღოს გადაწყვეტილება ევრაზიულ კავშირში რჩება, თუ ევროკავშირში გაწევრიანებას გეგმავს.
- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთი ცდილობს სომხეთი ანტირუსულ პოლიტიკაში ჩაითრიოს.
- მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები მოსკოვის მოკავშირეების "გაფანტვას" და უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მაგალითზე, სომხეთის "მცდარ ლოგიკაში" შეყვანას ცდილობენ. ლავროვმა ეს განცხადება საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს ასამბლეაზე გამოსვლისას გააკეთა.