ახალი ამბები

14:44 | 11 ივნისი, 2026 — რუსეთი

რუსეთის ეკონომიკა ომისგან გამოფიტულია - კვლევა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ოთხ წელზე მეტი ხნის შემდეგ, რუსული ეკონომიკა სტრუქტურული გამოფიტვის აშკარა ნიშნებს ავლენს. ასეთ დასკვნას ვკითხულობთ კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტისა (IfW) და სტოკჰოლმის გარდამავალი ეკონომიკის ინსტიტუტის (SITE) მიერ ხუთშაბათს, 11 ივნისს, გამოქვეყნებულ კვლევაში.

ვითარების არსი: ამ მონაცემების მიხედვით, რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ლიკვიდური აქტივები, რომლებიც ომის დაწყებამდე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6.5%-ს შეადგენდა, ახლა კი 1.8%-მდე შემცირდა.

  • ამავდროულად, რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა 2026 წლის პირველ სამ თვეში გადააჭარბა იმ მიზნობრივ დონეს, რომელიც მთავრობას მთელი წლისთვის ჰქონდა დაგეგმილი.
  • მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ნავთობისა და გაზისგან მიღებული შემოსავლები გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 45%-ით შემცირდა.

სტრიქონებს შორის: "ომის პირველ წლებში რუსეთის ეკონომიკა უფრო მდგრადი აღმოჩნდა, ვიდრე ბევრი მოელოდა. თუმცა ახლა რეზერვები ამოწურულია," - განაცხადა IfW-ის პრეზიდენტმა მორიც შულარიკმა. "ეს ეკონომიკური ბაზა მნიშვნელოვნად შესუსტდა."

  • მისი თქმით, რუსეთის საბიუჯეტო რეზერვები დიდწილად ამოწურულია, ეკონომიკური ზრდა კი შეჩერდა.
  • "ამავდროულად, სპარსეთის ყურეში ომის შედეგად ნავთობის გაზრდილ ფასებს ბიუჯეტზე, სავარაუდოდ, მხოლოდ დროებითი დადებითი გავლენა ექნება," - აღნიშნა შულარიკმა.
  • თუმცა, კვლევის მიხედვით, ფინანსური სირთულეები რუსეთის ერთადერთი პრობლემა არ არის.
  • სამხედრო ხარჯების დასაფარად კრემლი სულ უფრო მეტად ეყრდნობა გარე-საბიუჯეტო დაფინანსებას, კრედიტების მოცულობის სწრაფ ზრდასა და საბანკო სისტემის მეშვეობით არაპირდაპირ მხარდაჭერას, რათა შეინარჩუნოს სამხედრო ასიგნებები. 

დიდი სურათი: ამასთანავე, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული საწარმოების დავალიანება მკვეთრად გაიზარდა, რადგან ბანკები რესურსებს ეკონომიკის იმ დარგებისკენ მიმართავდნენ, რომლებიც ომთან არის დაკავშირებული.

  • "მთავარი შეზღუდვა, რომელსაც დღეს რუსეთი აწყდება, არის წვდომა არა ფულზე, არამედ სამუშაო ძალაზე, ტექნოლოგიებსა და საწარმოო სიმძლავრეებზე," - აღნიშნავს კვლევის თანაავტორი მეთიუ კლაინი.
  • "მოსკოვს ჯერ კიდევ შეუძლია დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზება. თუმცა, სამუშაო ძალის უზარმაზარი დეფიციტისა და მოქმედი სანქციების პირობებში, გაზრდილი ხარჯების პოლიტიკა შეიცავს ინფლაციის ზრდის რისკს," - განაცხადა კლაინმა.

კონტექსტი: კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული ჩინეთზე.

  • ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაზე მოდის რუსეთის საგარეო ვაჭრობის დაახლოებით 35%. ჩინეთი აწვდის რუსეთს კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო და სამხედრო საქონლის, ასევე სამხედრო მრეწველობაში გამოსაყენებელი სათადარიგო ნაწილების უდიდეს ნაწილს.
  • რუსეთის დამოკიდებულება ჩინეთზე იზრდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტექნოლოგიები და ფინანსები.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე