მოსკოვის სასარგებლოდ ეკონომიკური ჯაშუშობისა და უცხო ქვეყნის ჩარევის საქმის ფარგლებში, სამ პირს ბრალი წაუყენეს და დააპატიმრეს. ეს ინფორმაცია 25 ნოემბერს ფრანგულმა მედიამ გაავრცელა.
ვითარების არსი: ტრიუმფალურ თაღზე პრორუსული პლაკატების აღმოჩენის შემდეგ, მოსკოვის სასარგებლოდ ეკონომიკური ჯაშუშობისა და უცხო ქვეყნის ჩარევის ორმაგი საქმის ფარგლებში, სამ პირს ბრალი წაუყენეს.
- ბრალდებულებიდან ერთ-ერთი, 40 წლის რუსი ვიაჩესლავ პ.-ს იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერებით მოხდა. პროკურატურის ცნობით, სექტემბრის დასაწყისში რუსეთის სადიდებელ ამ პლაკატებს სწორედ ის აკრავდა.
- ამის შემდეგ, მან ტელეფონით ანგარიში ჩააბარა ასოციაცია SOS Donbass-ის დამფუძნებელს, 40 წლის ფრანგ-რუს ქალს, რომელიც, სავარაუდოდ, ფრანგული კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან შედიოდა კონტაქტში ეკონომიკური ცნობების მოსაპოვებლად.
- ანა ნოვიკოვა წლის დასაწყისიდან, შიდა უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის (DGSI) თვალთვალის ობიექტი იყო. სამსახურმა აღმოაჩინა, რომ მისმა "ქმედებებმა შესაძლოა ზიანი მიაყენა ერის ფუნდამენტურ ინტერესებს," რამაც წინასწარი გამოძიების დაწყება გამოიწვია.
დაეწიე ამბავს: მარტში, საგამოძიებო მოსამართლე დაინიშნა, რომელიც იძიებდა "ურთიერთობას უცხო ძალასთან." ეს დანაშაული 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- მესამე პირი, რომელიც პატიმრობაშია, 63 წლის მამაკაცია, ვინსენტ პ., რომელიც სენ-დენიში დაიბადა. მეოთხე ბრალდებულმა, 58 წლის პარიზში დაბადებულმა ბერნარ ფ.-მ, შეძლო თავი აერიდებინა წინასწარი პატიმრობისთვის.
- თუმცა, მას მკაცრი სასამართლო კონტროლი დაუწესდა, რომელიც ავალდებულებს, კვირაში ერთხელ გამოცხადდეს პოლიციის განყოფილებაში და ჩააბაროს საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, ასევე, უკრძალავს ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია "საფრანგეთის საერთაშორისო პოლიტიკასთან, რუსეთის პოლიტიკასთან ან რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის გამო ადამიანების დახმარებასთან."
დიდი სურათი: ასოციაცია, რომელსაც ჯაშუშობისა და დესტაბილიზაციისთვის იყენებდნენ, 2022 წლის სექტემბერში დარეგისტრირდა და მას SOS Donbass დაარქვეს.
- ის თავს წარმოაჩენდა ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციად, რომელიც ფულს აგროვებდა საომარი მოქმედებებით დაზარალებული აღმოსავლეთ უკრაინის ამ რეგიონის სამოქალაქო პირებისთვის დახმარების გასაგზავნად.
- მის ვებგვერდზე ასევე გამოქვეყნებულია დასაბეჭდად გამზადებული პლაკატები ლოზუნგით: "რუსეთი ჩემი მტერი არ არის."
კონტექსტი: საფრანგეთში უცხო ქვეყნის შესაძლო ჩარევის საქმეები ბოლო თვეებში გახშირდა.
- აპრილის ბოლოს ჰოლოკოსტის მემორიალს, ისევე როგორც სამ სინაგოგას, საღებავი ესროლეს.
- ამ საქმეზე სამი სერბი დააპატიმრეს და გამოძიება ეჭვობს, რომ მათ ეს ადგილები "უცხო ძალის, შესაძლოა, რუსეთის, ინტერესების სამსახურის მიზნით" დააზიანეს.