ახალი ამბები

16:40 | 15 ივლისი, 2026 — რუსეთი

რუსეთმა საჰაერო თავდაცვის სისტემები მოხსნა ატომური ფლოტის გემთსაშენი ბაზიდან

რუსეთის ფედერაციამ არხანგელსკის ოლქში, სევეროდვინსკის მიმდებარე ტერიტორიიდან S-300 და S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების რამდენიმე ბატარეა გაიყვანა.

ამას მოწმობს გამოცემა Barents Observer-ის მიერ შესწავლილი თანამგზავრული ფოტოები.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს სისტემები იცავდნენ რუსეთში ერთადერთ გემთსაშენს, რომელიც ატომურ წყალქვეშა ნავებს აშენებს, და საწარმოს, რომელიც მათ არემონტებს.

  • სამხედრო ექსპერტების შეფასებით, საჰაერო თავდაცვის სისტემები, შესაძლოა, მოსკოვის შემოგარენში ან უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებზე გადაესროლათ.

დეტალები: ზუსტად სად წაიღეს S-300 და S-400 კომპლექსები, უცნობია. თუმცა, გამოცემა ყურადღებას ამახვილებს 1528-ე სარაკეტო პოლკის ოფიცრების ბედზე, რომელთა დისლოკაციის ადგილი სწორედ სევეროდვინსკია.

  • ამ ქვედანაყოფიდან ვიცე-პოლკოვნიკი ვლადიმირ სპირიდონოვი 2024 წლის აპრილში ყირიმში დაიღუპა.
  • გამოცემის შეფასებით, ეს მიუთითებს პოლკის პირადი შემადგენლობის ანექსირებულ ტერიტორიებზე გადასროლაზე.

გამოცემა ასევე ეყრდნობა დასავლური დაზვერვის შეფასებებს.

  • ყირიმში რუსულ S-300 და S-400 ბატარეებზე უკრაინის განმეორებითი დარტყმების შემდეგ, დასავლეთში მივიდნენ დასკვნამდე, რომ დანაკარგების ასანაზღაურებლად რუსეთს კომპლექსების გადასროლა სხვა სამხედრო ოლქებიდან, კერძოდ, არქტიკიდან და შორეული აღმოსავლეთიდან მოუწევდა.

არქტიკაში რუსეთის ფლოტის ოპერაციების ექსპერტი, კრისტიან ოლანდი მიიჩნევს, რომ უკრაინის თავდასხმების ფონზე საჰაერო თავდაცვის ანტიბალისტიკური რაკეტების დეფიციტმა, შესაძლოა, კრემლი აიძულა, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მნიშვნელოვანი ნაწილი უფრო პრიორიტეტულ რაიონებში - მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე ზონებში გადაეყვანა.

  • ამ მოსაზრებას ეთანხმება ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის უფროსი სამხედრო მრჩეველი პერ ერიკ სოლიც: „მთავარი ყურადღება, სავარაუდოდ, მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგისა და სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქების დაცვაზეა მიმართული“.
  • ამრიგად, ატომური წყალქვეშა ნავების მშენებლობისა და შეკეთების უმსხვილესი რუსული ცენტრი, მინიმუმ დროებით, მხოლოდ მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის შეზღუდული რაოდენობის სისტემების იმედად დარჩა.

კონტექსტი: სევეროდვინსკის შემოგარენიდან საჰაერო თავდაცვის სისტემების გაყვანა არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთს ასეთი კომპლექსების ტრანსპორტირება შორეული და მანამდე უსაფრთხოდ მიჩნეული რეგიონებიდან მოუწია.

  • 2023 წლის ბოლოს Bellingcat-ი კალინინგრადის ოლქიდან ბატარეების გადასროლის შესახებ იტყობინებოდა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე