დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

16:40 | 20 ნოემბერი, 2026 — საფრანგეთი

საფრანგეთის სამხედრო სპეციალისტები უკრაინაში ფარულად მუშაობენ - RFI

საფრანგეთმა უკრაინაში სამხედრო სპეციალისტების ჯგუფი გაგზავნა. ისინი უკრაინელ სამხედროებს, მათ შორის მეთაურებს, წვრთნიან და ფრანგულ სამხედრო ტექნიკას ემსახურებიან.


ინფორმაციას ამის შესახებ RFI ავრცელებს.


ვითარების არსი: RFI-ის ცნობით, მისია სახეწლოდებით "Volia" სულ მცირე 2026 წლის ზაფხულიდან მოქმედებს. და მას საფრანგეთის არმიის უცნობი გენერალი ხელმძღვანელობს.


  • ფრანგი სამხედროები საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობენ.


  • მცირე ჯგუფებად ჩადიან და მოკლევადიან ამოცანებს ასრულებენ, მათ შორის CAESAR-ის თვითმავალი საარტილერიო დანადგარების, Mirage 2000-ის გამანადგურებლებისა და ზუსტი რაკეტების მომსახურებასა და შეკეთებას.


დეტალებში: RFI-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტსა და მთავრობას მისიის არსებობა საჯაროდ არ დაუდასტურებიათ. უკრაინაში გამგზავრებულ სამხედროებს უნდა ეთქვათ, რომ პოლონეთში მიდიოდნენ.


  • მისიის დასაფარად საფრანგეთის ხელისუფლება Gerfaut-ის პროგრამას იყენებდა - ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიას, რომელიც 2023 წლიდან პოლონეთში მოქმედებს.
  • ამ პროგრამის ფარგლებში 25 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო გაწვრთნეს.


რატომ არის მნიშვნელოვანი: RFI-ის ერთ-ერთი წყაროს თქმით, უკრაინაში მუშაობა საფრანგეთის არმიას გამოცდილებას აძლევს, რომლის გაანალიზებაც მომავალში შეიძლება.


  • გამოცემის სხვა წყაროს თანახმად, საფრანგეთის ხელმძღვანელობას მისია შესაძლოა კიევის ნდობის მოპოვების შესაძლებლობადაც მიეჩნია.


რას ამბობენ: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის მხარდაჭერას საფრანგეთის უსაფრთხოებას უკავშირებს.


  • "უკრაინაში მიმდინარე მოვლენები პირდაპირ გვეხება ყველას. საქმე ჩვენს საერთო უსაფრთხოებას ეხება. უკრაინის თავდაცვაში დახმარება საფრანგეთისა და ფრანგების დაცვასაც ნიშნავს", - დაწერა მან X-ზე.


კონტექსტი: RFI-ის წყაროების შეფასებით, მისიის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ საფრანგეთში შესაძლოა კრიტიკა გამოიწვიოს.


  • სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომიტეტის ხელმძღვანელის, სედრიკ პერენის თქმით, კონსტიტუციის თანახმად, მთავრობამ საზღვარგარეთ სამხედროების გაგზავნის შესახებ პარლამენტს სამი დღის განმავლობაში უნდა აცნობოს და მისიის მიზნები განუმარტოს.
  • პერენის თქმით, ეს დემოკრატიის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე