დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

23:04 | 07 ოქტომბერი, 2026 — სირია

სირია ჰუსიტების წინააღმდეგ იემენში ჯარის გაგზავნას განიხილავს - Axios

საუდის არაბეთი და სირია იემენში სირიული ჯარების შესაძლო განთავსებას განიხილავენ, რათა მათ ჰუსიტების წინააღმდეგ ოპერაციაში მიიღონ მონაწილეობა. სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა წინადადებას განიხილავს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ამის შესახებ Axios სამ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.

ვითარების არსი: ეს საკითხი რიადში, ალ-შარაასა და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შორის შეხვედრისას განიხილეს.

  • საუდის არაბეთს სირიული ჯარების გაგზავნა იემენის ძალების გასაძლიერებლად სურს.
  • ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ იემენელების მომზადების დონე ჰუსიტებისაზე დაბალია. Axios-ის წყაროს ვარაუდით, ალ-შარაამ შესაძლოა მიიღოს წინადადება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დადასტურებული არ არის.
  • დისკუსიები საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილი იემენის სამთავრობო ძალების მასშტაბური სახმელეთო შეტევის ფონზე მიმდინარეობს.

სტრიქონებს შორის: Axios-ის ცნობით, ოპერაცია გასულ უქმეებზე დაიწყო და მიზნად ისახავს ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების დაბრუნებას, მათ შორის დედაქალაქ სანასა და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაბ-ელ-მანდების სრუტეს.

  • მოლიპარაკებებთან დაახლოებულმა წყარომ Axios-ს განუცხადა, რომ სირიამ შესაძლოა იემენში 10-დან 20 ათასამდე სამხედრო გაგზავნოს.
  • განხილულ დანაყოფებს შორის არის დამასკოსთან ახლოს მყოფი 90-ე დივიზია და სამხრეთ სირიაში, სუვეიდასთან მდებარე 84-ე დივიზია. გამოცემის ცნობით, 84-ე დივიზიაში ათასობით უცხოელი სუნიტი ისლამისტ მებრძოლია.
  • ისინი სირიაში სამოქალაქო ომის დროს ჩავიდნენ და ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ "ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის" შემადგენლობაში იბრძოდნენ.

დიდი სურათი: ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამერიკის ადმინისტრაცია არ არის სირიული ჯარების გაგზავნის წინააღმდეგი.

  • მათ მიაჩნიათ, რომ სირიულ ჯარებს შეუძლიათ მხარი დაუჭირონ საუდის არაბეთის ოპერაციას აშშ-ის უფრო ღრმა ჩართულობის გარეშე. 
  • ამავდროულად, სირიული ძალების ჩართვამ შესაძლოა გააძლიეროს კონფლიქტის რელიგიური განზომილება: ჰუსიტები შიიტური ისლამის ზაიდიტური შტოს მიმდევრები არიან.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე