ახალი ამბები

23:33 | 28 მარტი, 2026 — რუსეთი

ტრამპის თქმით, ცეცხლის შეწყვეტაზე უარის შემთხვევაში პუტინს მძიმე შედეგები ელის

დონალდ ტრამპის თქმით, ალასკაში გასამართ შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინი უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, ან მძიმე შედეგებთან გამკლავება მოუწევს. 

State Of Play: ამის შესახებ ამერიკელმა პრეზიდენტმა უკრაინისა და ევროპელ ლიდერებთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა. 

  • გასულ დღეებში დონალდ ტრამპი თავის შეფასებებში უჩვეულო სიფრთხილეს ავლენდა და ამბობდა, რომ გარღვევის შანსი არც ისე მაღალია - მისი თქმით, შეხვედრა უფრო სატესტო ხასიათის იქნება და შეეცდება უკეთ გაიგოს რა სურს ვლადიმირ პუტინს. 

  • ამ განცხადებით ამერიკელმა პრეზიდენტმა პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის კონკრეტული მიზანი გამოაცხადა, რომელიც პუტინმა გასულ თვეებში არაერთხელ უარყო. 

  • მსგავსი იყო ტრამპის პოზიცია ევროპელ ლიდერებთან საუბარშიც - ონლაინ კონფერენციის მონაწილეები კმაყოფილები დარჩნენ იმით, რომ პუტინთან შეხვედრაზე ტრამპის მთავარი მიზანი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველჰყოფა იქნება. 

Big Picture: Axios-ის წყაროების ცნობით, ამავე სატელეფონო საუბარში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპს უთხრა, რომ პუტინის ნდობა არ შეიძლება და რომ რუსეთის პრეზიდენტი ბლეფობს. 

  • თავის მხრივ ამერიკელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ აპირებს პუტინთან ტერიტორიული საკითხების განხილვას  და ეს მისი თქმით, "ვლადიმირისა და ვოლოდიმირის საქმეა." 

  • წყაროების ცნობით, განსაკუთრებით ხისტი პოზიცია ეკავა ემანუელ მაკრონს, რომელმაც ამერიკელ კოლეგას უთხრა, რომ პუტინთან შეხვედრა ისედაც "დიდი დათმობაა."

  • ონლაინ კონფერენციაში აქტიურები იყვნენ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი და ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე - ასევე საჭირო საკითხები წამოჭრა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯიორჯა მელონიმ. 

  • წყაროს ცნობით, პოლონეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ ტრამპს 105 წლის წინ გამართული ვარშავის ბრძოლა შეახსენა, რომელშიც უკრაინელები და პოლონელები ბოლშევიკებს დაუპირსიპრდნენ. 

Break It Down: იმავე Axios-სთან საუბარში ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, თუმცა ზომიერად. 

  • თავის მხრივ ოპტიმიზმი დაკავშირებულია რწმენასთან, რომ ორივე მხარე დაღლილია და გამოფიტულია მიმდინარე ომით და ასეთ ვითარებაში შესაძლოა "გარიგების ხელოვნების" ამუშავდეს. 

Context: დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრას რამდენიმეჯერ გამოეხმაურა უკრაინელი პრეზიდენტიც - ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთთან შეთანხმება უკრაინის მონაწილეობის გარეშე ვერ შედგება და კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის. 

  • ზელენსკისა და პუტინთან სამმხრივი შეხვედრის შესახებ არაერთხელ განაცხადა, თავად დონალდ ტრამპმაც - მისი თქმით, პარასკევის შეხვედრა სწორედ ამისთვის არის საჭირო. 

  • ამასთანავე ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან გასამართი შეხვედრის წარუმატებლობის შემთხვევაში მეორე შეხვედრა შესაძლოა საერთოდაც არ შედგეს. 

Go Deeper: NBC: ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ პუტინთან ტერიტორიების საკითსზე არ ისაუბრებს

 


ასევე ნახე