07:24 | 03 აპრილი, 2026 — რუსეთი
წოდება ჩამოართვეს და 5 წლით დააპატიმრეს გენერალი, რომელიც გერასიმოვს აკრიტიკებდა
ტამბოვის გარნიზინულმა სამხედრო სასამართლომ გენერალ მაიორ, ივან პოპოვს, რომელიც 2023 წლამდე რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან 58-ე არმიას ხელმძღვანელობდა თაღლითობისთვის 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და ჩამოართვა სამხედრო წოდება - პოპოვი სამხედრო სამსახურიდან გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის კრიტიკის გამო გაათავისუფლეს.
State Of Play: პატიმრობის ვადას პოპოვი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის. გარდა ამისა, პოპოვს დაეკისრა ჯარიმა 800 ათასი რუბლის ოდენობით.
- პოპოვის ადვოკატის ცნობით, თავდაცვის სასამართლომ არ დააკმაყოფილა პოპოვის თხოვნა ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში გაგზავნის შესახებ - უფლებადამცველის თქმით, უწყებაში განუცხადეს, რომ შესაბამისი ვაკანსიები ამ დროისთვის არ არსებობს.
- განაჩენის მოახლოების ფონზე, პოპოვმა საგანგებო წერილით მიმართა ვლადიმირ პუტინს და მას სამხედრო მწყობრში დაბრუნება სთხოვა.
Big Picture: ოფიციალურად პოპოვს დიდი ოდენობით თაღლითობაში ადანაშაულებენ - ბრალდების მხარის მტკიცებით, პოპოვმა თანამზრახველებთან ერთად მიითვისა ზაპორიჟიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საფორტიფიკაციო ნაგებობებისთვის განკუთვნილი თანხა.
- თავად გენერალი ბრალს არ აღირებს, ხოლო მისი დაცვა განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.
Context: ივან პოპოვი რუსეთის არმიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ავტორიტეტული გენერალია. 2023 წლის ზაფხულამდე პოპოვი რუსეთის 58-ე არმიას მეთაურობდა, რომელიც იმ პერიოდში ზაპორიჟიის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიშს იგერიებდა.
- სწორედ ამ პოსტზე მუშაობისას მას გაუჩნდა კონფლიქტი გენერალური შტაბის უფროსთან, ვალერი გერასიმოვთან.
- კონფლიქტის მიზეზი პოპოვის თქმით, მის ხელმძღვანელობასთან წარმოქმნილი უთანხმოება გახდა - პოპოვი არმიაში შექმნილ პრობლემებსა და როტაციის აუცილებლობაზე საუბრობდა, რასაც გენშტაბის უკმაყოფილება მოჰყვა.
"მე ეს პრობლემები უმაღლეს დონეზე გამოვთქვი, ძალიან გულწრფელად და მაქსიმალურად უხეშად. როგორც ჩანს, აქედან გამომდინარე, უფროსებმა ჩემგან რაღაც ხიფათი იგრძნეს, მათ ერთი დღეში შეთითხნეს თავდაცვის მინისტრის ბრძანება და მე მომიშორეს,"- ამბობდა პოპოვი გავრცელებულ ხმოვან შეტყობინებაში.
58-ე არმიის მეთაურის პოსტიდან გადაყენების შემდეგ, პოპოვი ცოტა ხნით სირიაში გადაიყვანეს, თუმცა გასული წლის მაისში ის მოსკოვში თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
Go Deeper: რუსეთის 58-ე არმიის მეთაური: მოღალატეობრივად და ვერაგულად მომიშორეს