13:08 | 16 ოქტომბერი, 2026 — უკრაინა
უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა - Reuters
უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სატელიტური კავშირის სისტემის, Starshield-ის, მუშაობის შეზღუდვის ბრძანება უშუალოდ თეთრი სახლიდან გაიცა.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.
ვითარების არსი: სააგენტოს წყაროების ცნობით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ მიიღო მითითება, რომლის თანახმადაც უკრაინის არმიისთვის SpaceX-ის სატელიტური სისტემის, Starshield-ის, მუშაობა უნდა შეზღუდულიყო.
წყაროს სააგენტოსთვის არ დაუკონკრეტებიათ, ვინ მიიღო გადაწყვეტილება თეთრ სახლში ან ვის დაევალა მისი შესრულება.
Starshield ილონ მასკის კომპანიის, SpaceX-ის, მიერ შექმნილი სატელიტური კავშირის სამხედრო სისტემაა, რომლის უმსხვილესი მომხმარებელი პენტაგონია.
უკრაინა სისტემას ფრონტზე კომუნიკაციისთვის, დამრტყმელი და გადამჭერი დრონების მართვისთვის იყენებს.
დაეწიე ამბავს: 14 ოქტომბერს უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ Starshield-ის ტერმინალებმა მაღალი სიჩქარით მოძრაობისას კავშირის დაკარგვა დაიწყეს, რამაც რამდენიმე სამხედრო ოპერაცია შეაფერხა.
ტერმინალების მუშაობა 160 კმ/სთ-ზე მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას იზღუდებოდა, რის გამოც უკრაინულ დრონებს მართვისა და კავშირის პრობლემები შეექმნათ.
შეფერხებებმა გავლენა იქონია რუსეთის სამხედრო პოზიციებსა და მომარაგების ხაზებზე დარტყმებზე, ასევე რუსული "შაჰედების" წინააღმდეგ გადამჭერი დრონების გამოყენებაზე.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, ხუთშაბათისთვის მოძრაობისას ტერმინალების მუშაობა აღდგა, თუმცა მხოლოდ 160 კმ/სთ-მდე სიჩქარეზე.
რას ამბობს ვაშინგტონი: Reuters-ის კითხვაზე პასუხად აშშ-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა უარყო, რომ Starshield-ის შეზღუდვა პირადად დონალდ ტრამპმა მოითხოვა.
- "პრეზიდენტს მსგავსი მოთხოვნა არასდროს გაუცია", - განაცხადა მან.
- თეთრ სახლს არ უპასუხია კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა მითითება ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლისგან წამოსულიყო.
- ამასთან, ილონ მასკის განცხადებით, Starshield-ის სისტემებს აშშ-ის მთავრობა ფლობს და აკონტროლებს, შესაბამისად, მათი გამოყენებისა და შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებებს ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობა ან პრეზიდენტი იღებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: შეზღუდვები კიევსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე ამოქმედდა.
დონალდ ტრამპი უკრაინისგან რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით დარტყმების შეწყვეტას მოითხოვს და კიევს მსოფლიო ბაზარზე დიზელის საწვავის გაძვირებაში ადანაშაულებს.
ანალიტიკოსების შეფასებით, საწვავის ფასების მკვეთრი ზრდა ძირითადად აშშ-ისა და ისრაელის ირანთან ომით არის გამოწვეული.
პარალელურად, ვაშინგტონმა მოსკოვთან დიზელის მიწოდების შეთანხმებას მიაღწია, რომლის თანახმადაც რუსეთმა ამერიკულ და გლობალურ ბაზრებზე 2,25 მილიონ ბარელზე მეტი საწვავი უნდა გაიტანოს.
დიდი სურათი: Reuters-ის ახალი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ Starshield-ის შეზღუდვის მითითება თეთრი სახლიდან მოდიოდა, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, კონკრეტულად ვინ მიიღო გადაწყვეტილება.
- სატელიტური კავშირის მოულოდნელმა შეზღუდვამ და რუსული სარაკეტო იერიშებზე სადაზვერვო გაფრთხილებების პრობლემამ უკრაინაში ამერიკული სამხედრო მხარდაჭერის საიმედოობასთან დაკავშირებით შეშფოთება გააძლიერა.
კონტექსტი: Starshield-ის შეზღუდვების პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანამ რუსეთის მასშტაბური სარაკეტო თავდასხმების შესახებ პარტნიორებისგან [იგულისხმება აშშ რედ.] წინასწარი სადაზვერვო გაფრთხილება ზედიზედ ორჯერ ვერ მიიღო.
ზელენსკის თქმით, უკრაინულმა სისტემებმა რუსული ბალისტიკური რაკეტები მხოლოდ მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც ისინი პრაქტიკულად უკვე კიევს უახლოვდებოდნენ.
ტრამპმა უარყო, რომ აშშ-მა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეწყვიტა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიევის დახმარებას აგრძელებს.