13:34 | 01 ივლისი, 2026 — უკრაინა
УП: ზელენსკი ზალუჟნის არჩევნებში უარის თქმას სთხოვდა, თუმცა მან უარი თქვა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში დახურული შეხვედრა გამართა, რომელზეც 2026 წლის შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა განიხილებოდა.
შეხვედრაზე ზელენსკის გუნდი ზალუჟნის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას სთხოვდა, თუმცა ის არ დათანხმდა.
ინფორმაციას ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვითარების არსი: გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრაზე ლონდონიდან სპეციალურად გამოიძახეს შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი, რომელიც ამჟამად ბრიტანეთში უკრაინის ელჩის თანამდებობას იკავებს.
- მისი ჩამოყვანის საბაბად ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის გადადგომის განხილვა დასახელდა.
დეტალები: გამოცემის წყაროების თქმით, ზელენსკის გუნდი ცდილობდა დაერწმუნებინა ზალუჟნი, რომ არ მიეღო მონაწილეობა შესაძლო არჩევნებში; არგუმენტებად კი საზოგადოებრივი განხეთქილება, ზედმეტად კონფლიქტური კამპანიის საფრთხე და სახელმწიფოებრივი რისკები მოჰყავდათ.
როგორც გამოცემა წერს, შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ყოფილ მთავარსარდალს პირდაპირი კითხვა დაუსვა - იყრიდა თუ არა კენჭს, თუკი არჩევნები შემოდგომაზე გაიმართებოდა.
- კითხვაზე ზალუჟნიმ მოკლედ და პირდაპირ უპასუხა: „დიახ. ვიყრი“.
- „უკრაინსკაია პრავდას“ წყაროების თანახმად, ზელენსკი მზად იყო ზალუჟნისთან პრაქტიკულად ნებისმიერი სახელმწიფოებრივი თანამდებობა განეხილა, თუმცა ამ პასუხის შემდეგ მას აღარაფერი შეუთავაზებია.
რიცხვებში: როგორც გამოცემა აღნიშნავს, შეხვედრაზე ასევე მოიყვანეს გამოკითხვის მონაცემები, რომელიც პრეზიდენტის ოფისის დაკვეთით ერთ-ერთმა უკრაინულმა სოციოლოგიურმა კომპანიამ ჩაატარა.
ამ გამოკითხვის მიხედვით, ზელენსკის ამჟამად 34%-იანი მხარდაჭერა აქვს, ზალუჟნის - 28%, ხოლო კირილო ბუდანოვს - 12%.
შედარებისთვის: კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის (KIIS) კვლევით, რომელიც 2026 წლის 7 მაისიდან 3 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა, უკრაინელების 61% პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ენდობა, ხოლო შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნისადმი ნდობა 73%-ს შეადგენს.