ახალი ამბები

12:25 | 29 ივლისი, 2026 — უკრაინა

ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში: რაზე შეთანხმდნენ პრეზიდენტები

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის თეთრ სახლში გამართული შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა.


ვიზიტი, რომელიც ორივე მხარემ "პოზიტიურად და პროდუქტიულად" შეაფასა, მნიშვნელოვანი პროგრესით აღინიშნა მასშტაბური სანქციების, Patriot-ის რაკეტების ერთობლივი წარმოებისა და დიპლომატიური პროცესის გააქტიურების კუთხით.


რატომ არის მნიშვნელოვანი: აშშ-ის სენატმა 86 ხმით 12-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ორპარტიულ კანონპროექტს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ.


  • კენჭისყრა სიმბოლურად დაემთხვა გარდაცვლილი რესპუბლიკელი სენატორის, უკრაინის აქტიური მხარდამჭერის, ლინდსი გრემის დაკრძალვის დღეს. დოკუმენტს ოფიციალურად სწორედ გრემის სახელი ეწოდა.
  • დოკუმენტი რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ ფინანსურ და ეკონომიკურ შეზღუდვებს ითვალისწინებს. კერძოდ, აშშ-ში რუსული პროდუქციის იმპორტზე სარეკორდო, 500%-მდე საბაჟო ტარიფი დაწესდება, ხოლო სანქციები პირდაპირ შეეხება რუს მაღალჩინოსნებს, ოლიგარქებს, მათ ოჯახის წევრებს, უმსხვილეს ბანკებსა და საფინანსო ინსტიტუტებს.

  • ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს მეორად სანქციებსაც იმ მესამე ქვეყნებსა და კომპანიებზე, რომლებიც რუსული ნავთობისა და გაზის მსხვილი შემსყიდველები არიან. კრემლის ენერგორესურსების იმპორტიორებს აშშ-ის მხრიდან 100%-მდე საჯარიმო ტარიფები დაეკისრებათ.

  • კანონპროექტის საბოლოო რედაქციით, სანქციებისა და ტარიფების ამოქმედება უშუალოდ დონალდ ტრამპზეა დამოკიდებულ; მას აქვს უფლება შეაჩეროს ან შეამსუბუქოს ისინი, თუ ეს აშშ-ის ინტერესებში იქნება, მაგალითად, ნავთობზე ფასების ზრდის თავიდან ასაცილებლად.
  • „სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს, სენატორ ლინდსი გრემთან გამოსამშვიდობებელ დღეს, სენატში შედგა კენჭისყრა სანქციების კანონპროექტზე, რომელზეც ის ასე ბევრს მუშაობდა. ეს არის პირველი ნაბიჯი ლინდსის გეგმების რეალიზებისკენ და ნამდვილად ნაბიჯი მშვიდობისკენ.“ - განაცხადა უკრაინელმა პრეზიდენტმა.

შეხვედრა ამერიკელ სენატორებთან.

თავდაცვის სექტორი: ამასთანავე, ზელენსკი შეხვდა თავდაცვითი გიგანტის, Lockheed Martin-ის ხელმძღვანელობას (რომელიც ATACMS, HIMARS, F-16 და Patriot-ის სისტემებს აწარმოებს).

  • მხარეები შეთანხმდნენ ტექნოლოგიების გაზიარებასა და უკრაინაში Patriot-ის ანტიბალისტიკური რაკეტების ლიცენზირებული, ერთობლივი წარმოების დაწყებაზე.
  • „Lockheed Martin-თან განვიხილეთ თანამშრომლობის გაფართოება, ერთობლივი წარმოება და ტექნოლოგიების გაზიარება. ვისაუბრეთ Patriot-ის სისტემებთან დაკავშირებულ საერთო შესაძლებლობებზე. ჩვენი გუნდები უკვე მუშაობენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე.“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეხვედრა Lockheed Martin-ის ხელმძღვანელობასთან.

დიპლომატია: უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა დაადასტურა, რომ მხარეები შეთანხმდნენ სამშვიდობო პროცესის ინტენსიფიკაციაზე ყველა დონეზე.

  • „ჩავატარეთ შინაარსიანი საუბარი დიპლომატიისა და უსაფრთხოების იმ ნაბიჯებზე, რომლებიც აუცილებელია სამართლიანი მშვიდობის დასაახლოებლად. შევთანხმდით მოლაპარაკებების პროცესის გააქტიურებაზე ყველა დონეზე.“ - განაცხადა ბუდანოვმა.
  • უახლოეს ორ კვირაში კიევსა და შესაძლოა მოსკოვსაც ეწვევიან ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.
  • აშშ-ის ახალი წინადადებების საფუძველზე, შემოდგომაზე იგეგმება მოლაპარაკებების ახალი რაუნდი უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების მონაწილეობით.

კონტექსტი: ფილიპინებზე სერგეი ლავროვსა და მარკო რუბიოს შორის გამართულმა შეხვედრამ შედეგი ვერ გამოიღო. მოსკოვი ძველი პოზიციების აღიარებას ითხოვს, რაც ვაშინგტონისა და კიევისთვის მიუღებელია.

  • WSJ-ის ცნობით, ტრამპზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რუსეთის ენერგოსექტორზე უკრაინული დრონების წარმატებულმა იერიშებმა და კიევის გამძლეობამ.
  • აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით: „ტრამპს უყვარს გამარჯვებულები და ზელენსკის სულ უფრო ხშირად აღიქვამს სწორედ ასეთად“.
  • NYT-ის ცნობით, უკვე თავად ამერიკული მხარე მიმართავს უკრაინას გამოცდილების მისაღებად დრონებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტურად გამოყენების კუთხით.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე