5-წლიანი ინტერვენციის შემდეგ საუდის არაბეთი იემენში სამშვიდობო ინიციატივით გამოდის

საუდის არაბეთი იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომში 2015 წელს ჩაერთო. სამოქალაქო მღელვარება საუდის არაბეთის მეზობელ იემენში არაბული გაზაფხულის ტალღაზე დაიწყო, არეულობა მალევე გადაიზარდა სამოქალაქო ომში. ჰუსიტების გასამხედროებულმა დაჯგუფებამ მალევე მოახერხა დაწინაურება და ქვეყნის დედაქალის დაკავება, ქვეყნიდან გაიქცა საუდის არაბეთის მხარდაჭერილი მთავრობაც. ამ დროიდან მოყოლებული ქვეყანაში სამოქალაქო ომი ინტენსიურად მიმდინარეობს.  

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: იემენის სამოქალაქო ომი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ ჰუმანიტარულ კატასტროფაში გადაიზარდა. იემენის სამოქალაქო ომს საუდის არაბეთის ვიეტნამადაც მოიხსენიებენ.

  • თავდაპირველად ამერიკულმა ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა საუდის არაბეთის სამხედრო ჩარევას იემენში. საუდის არაბეთის მიზანი ჰუსიტების დაჯგუფების დამარცხება და კანონიერი პროარაბული მთავრობის აღდგენა იყო. 
  • ამერიკული ადმინისტრაციის პოზიცია იემენის ომთან მიმართებით, ცოტა ხნის წინ, საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ შეიცვალა. ახალმა ადმინისტრაციამ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო საუდის არაბეთს სანქციები დაუწესა და გარკვეული ტიპის შეიარაღების გაყიდვაც შეაჩერა.
  • ამჟამინდელი ადმინისტრაცია სკეპტიკურად აფასებს საუდის არაბეთის შესაძლებლობას იემენში მიმდინარე კონფლიქტი დაასრულოს. უნდა ითქვას ისიც, რომ საუდის არაბეთის ჩარევა ამ დრომდე არაეფექტური აღმოჩნდა, ჰუსიტები კვლავ აკონტროლებენ დედაქალაქ სანაას, ხოლო საუდის არაბეთის საჰაერო დარტყმების მსხვერპლი ხშირად მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. 

სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სამშვიდობო ინიციატივა გაეროს მონიტორინგის ქვეშ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, სანაას აეროპორტის ფუნქციონირების აღდგენას და აჯანყებულ ჰუსიტებსა და ემიგრაციაში მყოფ მთავრობას შორის პირდაპირი მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყებას გულისხმობს.

"ჩვენ გავიღებთ მაქსიმალურ ძალისხმევას, რომ ჰუსიტებმა მიიღონ სამშვიდობო ინიციატივა, ამჯერად ბურთი მათ მოედანზეა",- განაცხადა ფაიზალ ბინ ფარჰანმა. მინისტრმა, ასევე, გამოთქვა იმედი, რომ ინიციატივას მხარს დაუჭერს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაც. ფარჰანის თქმით, თუ აჯანყებულები უარს იტყვიან შეთანხმებაზე საერთაშორისო წნეხი მათ მიმართ უნდა გაძლიერდეს. 

ცნობილი ხდება, რომ ინიციატივის გაჟღერების შემდეგ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ტონი ბლინკენს ესაუბრა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა აღნიშნა, მხარეებმა განიხილეს სამშვიდობო ინიციატივა და ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესების გზები. ნედ პრაისის თქმით, ტონი ბლინკენმა მხარდაჭერა აღუთქვა საუდის არაბეთს ბოლო პერიოდში იემენის ტერიტორიიდან მომხდარი თავდასხმების ფონზე. 

სხვადასხვა მონაცემებით, იემენში სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას მოკლულთა რიცხვი 230 000-ს აღემატება. 

მსგავსი სიახლეები