ანალენა ბაერბოკი: გერმანიის პირველი მწვანე კანცლერი?
პირველად პარტიის 40 წლიან ისტორიაში გერმანელმა მწვანეებმა კანცლერობის კანდიდატი დაასახელეს.
ორშაბათს, გერმანიის მწვანეთა პარტიამ 40 წლის ანალენა ბაერბოკი კანცლერობის კანდიდატად დაასახელა სექტემბერში გასამართ ბუნდესტაგის არჩევნებზე. დიდი ალბათობით, ბაერბოკი კანცლერობის ერთადერთი ქალი კანდიდატი იქნება.
მმართველ ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიაში არსებული ქაოსის ფონზე, შესაძლოა გერმანელი მწვანეები შემდეგი კოალიციის ყველაზე დიდი პარტია გახდნენ.
ბაერბოკს ხშირად ადარებენ ახალი ზელანდიისა და ფინეთის ქალ პრემიერ-მინისტრებს.
ანალენა ბაერბოკი 1980 წელს დაიბადა, იმ წელს, როდესაც მწვანეთა პარტია შეიქმნა. მშობლებს ის ხშირად დაჰყავდათ ანტი-ბირთვულ დემონსტრაციებზე. ის მისი ბავშვობიდან ხშირად იხსენებს დემონსტრაციების დარბევისას მათ წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლს.
უკანასკნელი კვლევებით მწვანეთა პარტიას მოსახლეობის 22% უჭერს მხარს. მწვანეები მცირედით ჩამორჩებიან მმართველ ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას.
ზაფხულში ქრისტიან-დემოკრატების მხარდაჭერა 40%-მდე გაიზარდა, როცა გერმანია პანდემიას კარგად უმკლავდებოდა. თუმცა, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის და წარუმატებელი ვაქცინაციის კამპანიის ფონზე მათი რეიტინგი 29%-მდე დაეცა.
გერმანელი მწვანეები პირველად მმართველი კოალიციის წევრი 1998 წელს გახდნენ. მათი ლიდერი, იოშკა ფიშერი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. გარდა ამასა, გერმანელ მწვანეებს რეგიონულ დონეზე ხელისუფლებაში ყოფნის დიდი გამოცდილება აქვთ. 2011 წელს, მდიდარი, ბადენ-ვიუტემბერგის მიწაზე პირველად აირჩიეს მწვანე პრემიერ-მინისტრი, ვინფრიდ კრეტშმანი.