აშშ-ის ხაზინამ Chevron-ს ვენესუელადან ნავთობის იმპორტის უფლება მისცა

აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ამერიკულ სანავთობო კომპანია Chevron-ს ვენესუელადან ნავთობის იმპორტის უფლება მისცა. 

სამინისტროს გადაწყვეტილება წარმოადგენს ვენესუელისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქებას და ამერიკულ კომპანიას ვენესუელური ნავთობის იმპორტირებასთან ერთად მისი მოპოვებიც უფლებაც ექნება. 

გარდა ამისა, Chevron-ისთვის მიცემული ლიცენზია ითავალისწინებს ნავთობწარმოებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ტიპის გამზავებელი მასალის, კონდენსატებისა და თხევადი გაზის მიწოდების შესაძლებლობასაც. 

მიუხედავად ამისა, კვლავ ნარჩუნდება რამდენიმე მნიშვნელოვანი შეზღუდვა, მათ შორის Chevron-ს კვლავ აკრძალული აქვს გადასახადების გადახდა ვენეუსელას ცენტრალური მთავრობისთვის და ასევე ნებისმიერი სახის დივიდენდების გაცემა იმ კომპანიებისთვის, რომლებშიც მაჟორიტარულ წილს ვენესუელას სახელმწიფო სანავთობო კომპანია PDVSA ფლობს. 

კონტექსტი

აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება განპირობებულია იმ კონკრეტული ნაბიჯებით, რომელიც მადუროს მთავრობამ ვენესუელელი ხალხის ტანჯვის შესამცირებლად გადადგა.

საუბარია მადუროს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც მექსიკაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესი აღდგა. 

მოგვიანებით საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Reuters წერდა, რომ ლიცენზია მხოლოდ 6-თვის ვადით გაიცა და გარკვეულ შემთხვევებში მისი ანულირებაც შესაძლებელია. 

აშშ-მ ვენესუელასთან დიპლომატიური ურთიერთობები 2019 წელს გაწყვიტა, რასაც ვენესუელას სანავთობო სექტორისთვის დაწესებული ფინანსური სანქციები მოჰყვა. 

აშშ-სა და ვენესუელას შორის ორმხრივი მოლაპარაკებები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ აღდგა. 

მოსალოდნელია, რომ აშშ ვენესუელას ენერგორესურსების ალტერნატიულ წყაროდ განიხილავს, მით უფრო რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე სანქციების დაწესების შემდეგ, რომელიც ძალაში დეკემბრიდან შევა. 

 

მსგავსი სიახლეები