აშშ-მ სირიაში ‘ისლამური სახელმწიფოს’ ერთ-ერთი ლიდერი აიყვანა

აშშ-ს მეთაურობით ჩატარებული ანტიტერორისტული რეიდის შედეგად სირიაში ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი აიყვანეს.

დაკავებული პირი, რომლის ვინაობა არ სახელდება, სირიაში ორგანიზაციის განშტოების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო და ასაფეთქებელი იარაღის დამზადებით იყო ცნობილი, ნათქვამია ოპერაციის სარდლობის განცხადებაში.

ოპერაციას სამოქალაქო ან სამხედრო პირების მსხვერპლი არ მოჰყოლია, აცხადებენ ანტიტერორისტულ კოალიციაში.

თებერვალში აშშ-ს ლიდერობით ჩრდილოეთ სირიაში კიდევ ერთი რეიდი ჩატარდა, რომლის შედეგადაც ისლამური სახელმწიფოს ლიდერის აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-კურაიშის ლიკვიდაცია მოხდა.

2019 წელს ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად გაანადგურეს ორგანიზაციის ყოფილი ლიდერი და ერთ-ერთი დამფუძნებელი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი.

დამფუძნებლის სიკვდილის შემდეგ ორგანიზაცია, რომელიც ერთ დროს ერაყსა და სირიაში მნიშვნელოვან ტერიტორიას აკონტროლებდა, დაღმასვლის ფაზაში შევიდა.

თუმცა ისლამური სახელმწიფოს სხვადასხვა დაჯგუფებები რეგიონში მყიფე პოლიტიკური და უსაფრთხოების ფონის გამო დროდადრო აქტიურდებიან.

 

მსგავსი სიახლეები