ბოლო კვირებში რუსეთის დანაკარგები ცოცხალ ძალაში მკვეთრად იზრდება
ბოლო 2 კვირაში რუსეთის დანაკარგები ცოცხალ ძალაში მკვეთრად გაიზარდა და გასული წლის თებერვალ-მარტის პერიოდს გაუტოლდა, როდესაც საოკუპაციო არმია ბახმუტს და ვუჰლედარს უტევდა.
დანაკარგების ზრდაზე მეტველებს ღია და ვერიფიცირებული მონაცემები, ასევე უკრაინული გენშტაბისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის მონაცემები.
რუსეთის არმია ავდიივკაში მიღწეული წარმატების განვითარებას ცდილობს და ერთდროულად უტევს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთში. მათ შორის კვლავ დიდი ძალებია მობილიზებული ავდიივკის შემოგარენში. სწორედ ერთ-ერთ ესეთ სოფელთან გადაღებული ობიექტური კონტროლის კადრები გახდა რუსი Z-ბლოგერების აღშფოთებისა და ღია უკმაყოფილების მიზეზი. კადრებზე რუსეთის არმიის დანაყოფების შტურმის მცდელობა და მათი სრულ განადგურებაა ასახული.
"მოწინააღმდეგე სოფელ ბერდიჩისთან ჩვენი მოიერიშე ჯგუფების განადგურების კადრებს ავრცელებს, როგორც ტირშია: ათეულობით და კიდევ უფრო მეტ ადამიანს აწვენენ. რა არის ეს? როგორ არის შესაძლებელი საომარი მოქმედებების მესამე წელს?"- წერს სამხედრო კორესპონდენტი იური კოტიონოკი.
კოტიონოკი წერს, რომ გავრცელებული კადრები სამხედრო მეთაურობის სრულ არაკომპეტენტურობასა და სისასტიკეზე მეტყველებს. კორესპონდენტის თქმით, აზრი არ აქვს უფრო მაღალი თანამდებობის პირებისთვის მიმართვასაც, ვინაიდან მაღალი ალბათობით, "არმიის დისკრედიტაციაში დაადანაშაულებენ."
"მეორე მსოფლიო ომის დროს მსგავსი მოქმედებებზე პასუხისმგებელ მეთაურებსა და ოფიცრებს სამხედრო ტრიბუნალი გაასამართლებდნენ, დღეს კი პასუხის მომთხოვნი არავინაა."
კოტიონოკი წერს, რომ ამ კადრების შემყურე ავდიივკის ოპერაციის სამხედრო გამოძიების იმედი საბოლოოდ გადაეწურა, რომელსაც მანამდე ითხოვდა. "სახეზეა ასეულისა და ბატალიონის მეთაურთა რგოლის სრული არაკომპეტენტურება, არ არსებობს შემტევი ოპერაციის წაროების ელემენტარული ცოდნა, სახეზეა პირადი შემადგენლობის გაუწვრთნელობა. ვინ აგებს პასუხს ამაზე?",- წერს სამხედრო კორესპონდენტი.
საყურადღებოა, რომ კოტიონოკი არ ყოფილა ერთადერთი Z-ბლოგერი, რომელიც ავდიივკის ოპერაციის გამოძიებას და "დიდი მსხვერპლით დამთავრებული უაზრო ოპერაციების მეთაურების გამოვლენას და დასჯას ითხოვდა." ავდიივკაში რუსეთის არმიის გაზრდილ დანაკარგებზე წერდნენ უკრაინული და დამოუკიდებელი წყაროებიც. სავარაუდოა, რომ ტემპი კიდევ უფრო გაიზარდა ბრძოლების დასკვნით ფაზაში.
სწორედ დანაკარგების შესახებ საუბარი გახდა კიდევ ერთი Z-ბლოგერის ანდრე მოროზოვის სუიციდის მიზეზი. თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე დაწერილ ტექსტში მოროზოვი საკუთარ ტელეგრამ არხზე ამბობდა, რომ რუსეთმა ავდიივკაში 16 ათასი მებრძოლი და 400-მდე ჯავშანტექნიკა დაკარგა. ავდიივკის ბრძოლის შესახებ პოსტების შემდეგ, მოროზოვს პირდაპირ ეთერებში თავს დაესხნენ წამყვანი რუსი პროპაგანდისტები, მათ შორის ვლადიმირ სალავიოვიც.
მოროზოვი წინა სასიკვდილო ჩანაწერში ამბობს, რომ პროპაგანდისტების თავდასხმის შემდეგ, მისმა უშუალო მეთაურმა მას პოსტის წაშლა მოთხოვა და განუცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სამხედრო ნაწილს საბრძოლო მასალასა და სხვა შეიარაღებას არ გადასცემენ.
"პოსტის წაშლის ბრძანება იმ ადამიანების წნეხის ქვეშ მიიღეს, რომლებიც თვითონ ეშინიათ ფრონტის ხაზე ჩამოსვლა და ჩახმახისთვის ხელის გამოკვრა. რას ვიზამთ, ამის გაკეთება ჩემით მომიწევს. მე ჩემს თავს დავხრიტავ",- წერდა მოროზოვი.
ავდიივკის შემოგარენში გადაღებულმა კადრებმა სვიატოსლავ გოლიკოვის უკმაყოფილებაც გამოიწვია. გოლიკოვი ე.წ. ДНР-ს დროშის ქვეშ მებრძოლი ბოევიკი და ე.წ. შტორმ Z-ასეულების ინსტრუქტორია.
"გუშინ მინდოდა გამორჩეულ დეგენერატებზე დამეწერა, რომლებმაც უფროსობას პოზიციების დაკავების შესახებ აცნობეს, მაშინ როდესაც ამ პოზიციებს ჯერ კიდევ მოწინააღმდეგე აკონტროლებდა. ვითარების გამოსასწორებლად სასწრაფო წესით ხალხის გარეკვა დაიწყეს. წინა დღეებში ჩვენი მოიერიშეები დავკრძალეთ, მათ შორის იყვნენ ჩემი ნაცნობებიც."
გოლიკოვის თქმით, მისიაზე გაგზავნილი მოიერიშე დანაყოფები არტილერიისა და საჰაერო დახმარების გარეშე მოწინააღმდეგის ცეცხლის ტომარაში მოექცა. "ორივე მხრიდან ნაღმყროცნების ცეცხლში მოექცნენ, შემდეგ კასეტური ჭურვები დაუშინეს და გადარჩენილებს დრონებით უღებდნენ ბოლოს. ბევრი ეგრევე მოკვდა, მძიმედ დაჭრილების უმეტესობა ვერ გამოვიყვანეთ."
გოლიკოვის თქმით, ამ თემაზე აქტიურობას დიდი აზრი არ აქვს - "ომთან დაკავშირებულ ადამიანებს უკვე დიდი ხანია ვერაფრით გააკვირვებ, რადგანაც ასეთი სიტუციები არა ექსცესი, არამედ სისტემატური პრაქტიკაა."
მართლაც, რუსეთის არმია ბოლო თვეების განმავლობა კვლავ ე.წ. ადამიანური ტალღების ტაქტიკას დაუბრუნდა. ამგვარი ტაქტიკა ცოცხალ ძალაში დიდი დანაკარგებით ხასიათდება, თუმცა დროთა განმავლობაში ფიტავს უკრაინულ დაცვას და ასუსტებს უკრაინული არტილერიის ეფექტურობას. თავდაპირველი მასშტაბური ალყის მცდელობის ჩავარდნის შემდეგ, სწორედ ამ ტაქტიკაზე გადავიდა რუსეთის არმია ავდიივკის იერიშის დროსაც.
BBC-ის რუსული სამსახურის და Медиазона-ს ერთობლივი პროექტის მიხედვით, გასული 2 კვირის განმავლობაში 1555 რუსი ჯარისკაცის სიკვდილი დაადასტურეს. საუბარია მხოლოდ ღია წყაროებში, გამოქვეყნებული ნეკროლეგებითა და რუსეთის ასეულობით სასაფლაოზე დაკვირვების შედეგად ვერიფიცირებულ შემთხვევებზე. პროექტის ავტორები მიუთითებენ, რომ ეს მთელი სურათის მხოლოდ ნაწილია და როგორც წესი რეალური დანაკარგები მათ მონაცემებს 2-3-ჯერ აღემატება.
ბოლო 2 კვირის განმავლობაში დაფიქსირებული მაჩვენებელი მხოლოდ გასული წლის თებერვლის რიცხვებს ჩამოუვარდება - მაშინ 2 კვირის განმავლობაში პროექტის მკვლევრება 1679 რუსი ჯარისკაცის სიკვდილი დაადასტურებული. პროექტის ავტორების მტკიცებით, ჯამურად ე.წ. ЛДНР-ს დროშის ქვეშ მებრძოლების გათვალისწინებით, დადასტურებულია 115 ათასი რუსი სამხედროს სიკვდილი.
ამას ადასტურებს გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დაზვერვაც, რომელიც 6 მარტის კრებსში წერს, რომ რუსეთი ფრონტზე დღეში საშუალოდ 983 ჯარისკაცს კარგავს.
რუსეთის დანაკარგების ზრდის მიუხედავად, სამხედრო ექსპერტების შეფასებით ფრონტზე უკრაინისთვის არმიისთვის საკმაოდ რთული მდგომარეობაა. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საარტილერიო ჭურვების დეფიციტის გარდა ЗСУ-ში პირველად ომის განმავლობაში განიცდიან ცოცხალი ძალის ნაკლებობასაც. მობილიზაციის ავადსახსენებელი კანონი კი, რომელშიც უკვე 4 ათასამდე შესწორება შევიდა, პარლამენტს ჯერ კიდევ არ მიუღია.
თვალსაჩინო დემოგრაფიული უპირატესობის გარდა, რუსეთმა არმიაში რეკრუტირების სისტემაც კარგად გამართა. მაღალი ხელფასისა და სოციალური პაკეტის გამო არმიაში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა ჯერჯერობით სტაბილურად მაღალია. დასავლური სადაზვერვო უწყებების მონაცემებით, გასულ წელს რუსეთის არმიაში თითქმის 400 ათასი ადამიანი გაწევრიანდა.
მსგავს მონაცემებს აჟღერებს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოც (ГУР) - კირილო ბუდანოვის ცნობით, რუსეთის არმიაში ყოველთვიურად დაახლოებით 30 ათას ადამიანს იმატებს. თუ კი ეს რიცხვები მართალია, ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო კვირებში გაზრდილ დანაკარგებსაც რუსეთი დაახლოებით 1 თვის ვადაში შეავსებს.