Z-ბლოგერმა, რომელიც ავდიივკაში რუსეთის დიდ დანაკარგებზე წერდა თავი მოიკლა
Z-ბლოგერმა და სამხედრო მოსამსახურემ ანდრეი მოროზოვმა, რომელიც გასულ კვირებში ავდიივკის ირგვლივ რუსეთის არმიის მაღალ დანაკარგებზე წერდა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თვითმკვლელობამდე მოროზოვმა შესაბამისი შინაარსის ჩანაწერი საკუთარ ტელეგრამ არხზე დატოვა.
მურზის მეტსახელით ცნობილი ბლოგერი ე.წ. დნრ-ს სამხედრო ფორმირებებში 2014 წლიდან იბრძოდა და უმცროსი სერჟანტის წოდება ჰქონდა.
ერთ-ერთ ბოლო ჩანაწერში მოროზოვი რუსეთის სამხედრო პროკურორს მიმართავს, რომელმშიც საუბარია შეიარაღების მწვავე დეფიციტზე, დიდ დანაკარგებზე, როტაციისა და სამედიცინო მომსახურების არ არსებობაზე.
გასულ კვირას მოროზოვმა პოსტი მიუძღვნა რუსეთის არმიის მიერ ავდიივკის აღებას - ბლოგერის ცნობით, ავდიივკის ბრძოლაში რუსეთის დანაკარგებმა 16 ათასს გადააჭარბა, გარდა ამისა განადგურებულია 300 ერთეული ჯავშანტექნიკა.
"თავდაცვითი ბრძოლის შემდეგ, მოწინააღმდეგე, რომლის დანაკარგებიც ჩვენთვის საუკეთესო შემთხვევაში 5 ათასია გვემშვიდობება და ახალ თავდაცვით პოზიციებზე გადადის",- წერდა მოროზოვი.
ავდიივკის ბრძოლის შესახებ პოსტების შემდეგ, მოროზოვს პირდაპირ ეთერებში თავს დაესხნენ წამყვანი რუსი პროპაგანდისტები, მათ შორის ვლადიმირ სალავიოვიც.
მოროზოვი წინა სასიკვდილო ჩანაწერში ამბობს, რომ პროპაგანდისტების თავდასხმის შემდეგ, მისმა უშუალო მეთაურმა მას პოსტის წაშლა მოთხოვა და განუცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სამხედრო ნაწილს საბრძოლო მასალასა და სხვა შეიარაღებას არ გადასცემენ.
"პოსტის წაშლის ბრძანება იმ ადამიანების წნეხის ქვეშ მიიღეს, რომლებიც თვითონ ეშინიათ ფრონტის ხაზე ჩამოსვლა და ჩახმახისთვის ხელის გამოკვრა. რას ვიზამთ, ამის გაკეთება ჩემით მომიწევს. მე ჩემს თავს დავხრიტავ",- წერდა მოროზოვი.