BP, Apple, Boeing: რომელი კომპანიები ტოვებენ რუსეთს?

 

კრემლის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი ათეულობით მსხვილმა კომპანიამ დატოვა.

ინდუსტრიული, ტექნოლოგიური და მომსახურების სფეროს გიგანტები მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ბიზნეს-ოპერაციებს წყვეტენ და საწარმოებს ხურავენ.

გლობალური ბიზნეს-წრეების რეაქცია რუსეთზე მასშტაბური საბანკო და საფინანსო სანქციების დაწესებას მოჰყვა.

ანალიტიკოსების აზრით, კაპიტალის მასობრივი გადინების შედეგად რუსეთის ეკონომიკას ტოტალური იზოლაცია და ხანგრძლივი რეცესია ელის.

რუსეთიდან გასვლას კომპანიები სხვადასხვა ფაქტორით ხსნიან, მათ შორის სანქციების თავიდან არიდების, რუსეთში ავტორიტარიზმის გაზრდილი წნეხის, ან ომის მიმართ მორალური წინააღმდეგობის მიზეზით.

ომის დაწყებიდან თერთმეტი დღის განმავლობაში რუსეთის დატოვების შესახებ შემდეგმა კომპანიებმა განაცხადეს:

  • ავია-ინდუსტრიის ლიდერები, ამერიკული Boeing-ი და ევროპული Airbus-ი, რუსეთში გაყიდვებს აჩერებენ და რუსული ავია-კომპანიების ტექნიკურ მომსახურებას აღარ გაუწევენ.
  • რუსეთს ტოვებს საბუღალტრო სფეროს ორი უმსხვილესი კომპანია KPMG-ი და PwC-ი, რომლებსაც ჯამში ფინანსურ სექტორში 8 000-მდე პირი ჰყავდათ დასაქმებული.
  • BP-ი რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია როსნეფტის 20 %-ანი წილის გაყიდვას აპირებს.
  • ბრიტანული Shell-ი გაზპრომთან ბიზნეს-კავშირებს წყვეტს და აცხადებს, რომ რუსეთში შესყიდული ნავთობიდან მიღებულ მოგებას უკრაინელი მიგრანტების დასახმარებლად გამოიყენებს. ამერიკული Exxon Mobil-ი კი რუსეთში ნავთობის და გაზის სფეროში ჩადებულ 4 მილიარდი დოლარის ინვესტიციებზე ამბობს უარს.
  • რუსეთში გაყიდვების და სხვა ბიზნეს-ოპერაციების შეჩერების შესახებ განაცხადეს General Motors-მა, Ford-მა, BMW-მ, Daimler-მა, Volvo-მ, Renault-მა, VolksWagen-მა.
  • რუსეთში საკურიერო მომსახურებას აჩერებენ FedEx-ი და UPS-ი.
  • Apple-მა პროდუქციის გაყიდვა შეაჩერა და ზოგიერთი სერვისის გამოყენება (Apple Pay) შეზღუდა. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო Samsung-მა, Ericsson-მა და Dell-მა.
  • რუსეთში საკუთარ კინოპროდუქციას აღარ გაყიდიან Walt Disney-ი, Warner Bros.-ი, Paramount-ი და Universal-ი. გუშინ რუსეთიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო Netflix-მაც.
  • რუსულ ბანკებს აღარ მოემსახურებიან ელექტრონული საგადამხდელო კომპანიები Mastercard-ი, Visa და American Express-ი.
  • რუსეთში გაყიდვებს წყვეტენ ტანისამოსის და კოსმეტიკის ცნობილი ბრენდები Hermes-ი, LVMH-ი, Chanel-ი და სხვები.
  • რუსეთი დატოვა საყოფაცხოვრებო ავეჯის შვედურმა ფირმა Ikea-მ.

მსგავსი სიახლეები