ბულგარეთმა რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეწყვიტა

ბულგარეთი განუსაზღვრელი ვადით წყვეტს ტურისტული ვიზების გაცემას რუსებისთვის, ასევე ვიზების გაცემას ბულგარეთში ქონების მფლობელებისთვის. ამის შესახებ 5 აგვისტოს რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციამ განაცხადა.

ასოციაციის ცნობით, ამის შესახებ ბულგარელმა დიპლომატებმა ტუროპერატორებს შეატყობინეს. საელჩოს ვებგვერდზე რუსებისთვის ახალი შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია არ არის.

ასოციაციამ აღნიშნა, რომ მიზეზი რუსეთში ბულგარეთის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების 14 თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი ავრცელებს.

5 აგვისტოს ბულგარეთის ელჩი მოსკოვში ატანას კრასტინი მიიწვიეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოთხი ბულგარელი დიპლომატი და 10 ტექნიკური თანამშრომელი დიპლომატიური მისიებიდან მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში და ეკატერინბურგში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და ქვეყანა უნდა დატოვოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ეს ღონისძიება ბულგარეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე პასუხია, 28 ივნისს, რუსი დიპლომატების და რუსეთის დიპლომატიური დეპარტამენტების ტექნიკური პერსონალის ქვეყნიდან გაძევების შესახებ.

"პერსონალის ნაკლებობის გამო, ბულგარეთში რუსეთის საელჩომ და ვარნაში რუსეთის ფედერაციის გენერალურმა საკონსულომ მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა. რუსეთის ფედერაციის გენერალურმა საკონსულომ რუსეში მუშაობა შეაჩერა", - განაცხადა რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციამ.

მსგავსი სიახლეები