"ჭეშმარიტების მომენტი" - საად ჰარირიმ ლიბანის პრეზიდენტს ახალი მთავრობა წარუდგინა

ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა საად ჰარირიმ ქვეყნის პრეზიდენტს დასამტკიცებლად ახალი კაბინეტი წარუდგინა. ჰარირის თქმით, პრეზიდენტისგან პასუხს რამდენიმე დღეში მიიღებს, რათა ქვეყანაში დასრულდეს სამთავრობო კრიზისი, რომელიც 2020 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული გრძელდება. 

ვეტერანმა სუნიტმა პოლიტიკოსმა ჰარირიმ გასულ თვეებში ქვეყნის ქრისტიან პრეზიდენტ, მიშელ აუნს კაბინეტის რამდენიმე შემადგენლობა წარუდგინა, თუმცა შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა. მიშელ აუნი ქვეყანაში მოქმედი მძლავრი პრო-ირანული ორგანიზაციის, ჰეზბოლას მოკავშირედ მიიჩნევა. 

"ახლა ჭეშმარიტების მომენტია",- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ჰარირიმ, რომელიც უკვე თითქმის ორი წელია ცდილობს მიშელ აუნთან კაბინეტის შემადგენლობა შეათანხმოს. 

ჰარირის კაბინეტი 24 ტექნოკრატი კანდიდატისგან შედგება, კაბინეტის ფორმატი შესაბამისობაში მოდის საფრანგეთის ინიციატივასთან, რომელიც ქვეყანაში ამბიციური რეფორმების განხორციელებას და ამის შემდეგ ქვეყნისთვის გამოყოფილი საერთაშორისო ფინანსური დახმარების განბლოკვას გულისხმობს. 

14 ივლისს ჰარირის მიერ წარმოდგენილი კაბინეტის შემადგენლობა სავარაუდოდ მისი ბოლო მცდელობა იქნება მოახდინოს მთავრობის ფორმირება. ლიბანურ მედიაში ვრცელდებოდა ხმები, რომ ჰარირი აღარ შეეცდებოდა მთავრობის ფორმირებას, თუმცა როგორც ადგილობრივ პრესაში წერენ, ჰარირიმ გადაწყვეტილება ეგვიპტეში გამართული ვიზიტის შემდეგ შეცვალა. 

ლიბანური და ეგვიპტური მედიის ინფორმაციით, კაიროში ვიზიტით მყოფ ჰარირის ეგვიპტის ლიდერმა პოლიტიკური მხარდაჭერა აღუთქვა. 

იმ შემთხვევაში თუ მიშელ აუნი მთავრობის ახალ შემადგენლობას არ დაამტკიცებს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ახალი სუნიტი კანდიდატი უნდა შეირჩეს. 

ლიბანში მოქმედი ძალაუფლების სექტარიანული დაყოფის პრინციპის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტი მარონიტი ქრისტიანი, პრემიერი სუნიტი მუსლიმი, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე შიიტი მუსლიმი უნდა იყოს. 

__________________________

ლიბანში სამთავრობო კრიზისი გასულ წელს, ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შემდეგ დაიწყო, რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ლიბანი თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ უმწვავეს ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. ამავე ორგანიზაციის შეფასებით ლიბანის მოსახლეობის ნახევარზე მეტი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ქვეყანაში სამნიშნა ინფლაციაა, 50%-ს აღწევს უმუშევრობის რეალური მაჩვენებელი, ყოველდღიურად მძაფრდება პირველადი მოხმარების პროდუქციის დეფიციტი და ენერგეტიკული კრიზისი. 

მსგავსი სიახლეები