CIA-მ თეთრ სახლს აცნობა, რომ უკრაინული დანაყოფები კურსკში ალყაში არ არიან - Reuters

აშშ-ის სადაზვერვო უწყებები და, მათ შორის, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, (CIA) მივიდნენ დასკვნამდე, რომ უკრაინული დანაყოფები კურსკის ოლქიდან უკან იხევენ, თუმცა, ალყაში მოქცეულები არ არიან.
ინფორმაციას ამის შესახებ, სადაზვერვო უწყებებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
State Of Play: წყაროების ცნობით, აღნიშნულის შესახებ უწყებებმა თეთრ სახლსაც აცნობეს, თუმცა, ტრამპმა "თითქოსდა ალყაში მოქცეულ უკრაინელებზე" საუბარი მომდევნო დღეებშიც გააგრძელა.
- ამასთანავე, აშშ-ის ოფიციალური უწყებების ცნობით, უკრაინელები კურსკში რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ და მათ პლაცდარმის დიდი ნაწილის დატოვება მოუწიათ, თუმცა, მათი ალყაში მოქცევის რისკი მინიმალურია.
- უკრაინული და დამოუკიდებელი წყაროების ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში ამ დროისთვის დაახლოებით 100-მდე კვადრატულ კილომეტრს ინარჩუნებენ; საუბარია სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე სიმაღლეებზე.
Big Picture: გასულ დღეებში, კურსკის ოლქში თითქოსდა ალყაში მოქცეული უკრაინელების შესახებ არაერთხელ განაცხადეს დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა - ტრამპის თქმით, პუტინს "უკრაინელი ჯარისკაცების შეწყალება" სთხოვა.
- ტრამპის პოსტს რამდენიმე საათში გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინი და განაცხადა, რომ ამ თხოვნას გაგებით მოეკიდებოდა.
- პუტინმა აღნიშნა, რომ ტრამპის თხოვნის შესასრულებლად აუცილებელი იქნება უკრაინელი მებრძოლების განიარაღებისა და ტყვედ ჩაბარების ბრძანების გაცემა.
Context: მიმდინარე წლის იანვარში, საოკუპაციო არმიისა და ჩრდილო კორეელი დანაყოფების მიერ კურსკის ოლქში წამოწყებული მასშტაბური კონტრშეტევის შემდეგ, უკრაინული არმიის დანაყოფების მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. იერიშის შედეგად, რუსულმა დანაყოფებმა უკრაინული არმიის ლოჯისტიკური გზები საცეცხლე კონტროლზე აიყვანეს.
- უკვე 12 მარტს უკრაინულ დანაყოფებს სუჯას დატოვება მოუხდათ.
- კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ, თავის ყოველდღიურ მიმართვაში, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა; უკრაინელი პრეზიდენტის თქმით, ოპერაციამ თავისი მისია შეასრულა, რაც, ფრონტის კრიტიკულ მონაკვეთებზე ვითარების სტაბილიზებაში გამოისახა.
Go Deeper: ЗСУ-ს 7-თვიანი ოპერაციის დასასრული - რა ხდება კურსკის ოლქში.