პუტინის თქმით, გაგებით ეკიდება ტრამპის თხოვნას "შეიწყალოს" ZSU-ს სამხედროები

ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ გაგებით მოეკიდება ამერიკელი პრეზიდენტის მოწოდებას შეუნარჩუნოს სიცოცხლე კურსკის ოლქში თითქოსდა ალყაში მოქცეული უკრაინელ სამხედროებს. 

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრებთან ოპერატიულ თათბირზე განაცხადა. 

"ჩვენი გაგებით ვეკიდებით პრეზიდენტ ტრამპის მოწოდებას - ვიხელმძღვანელოთ ჰუმანიტარული მოსაზრებებით ამ სამხედროებთან (რედ. კურსკის ოლქში ალყაში მოქცეული უკრაინელების) მიმართებით"- ამბობს პუტინი. 

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, იარაღის ჩაბარების შემთხვევაში უკრაინელ სამხედროებს გარანტირებული ექნებათ სიცოცხლისა და ღირსეულად მოპყრობის უფლება. მეტიც, პუტინმა განაცხადა, რომ ამგვარი განვითრებისთვის აუცილებელია უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ თავიანთ სამხედროებს ტყვედ ჩაბარების ბრძანება მისცეს. 

Catch up quick: პუტინი ამგვარად დონალდ ტრამპის პოსტს გამოეხმაურა, რომელიც რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხებოდა.

  • "გუშინ, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი და პროდუქტიული მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან და არის შანსი, რომ ეს საშინელი, სისხლიანი ომი მალე დასრულდება"- წერს ტრამპი. 

  • ამერიკის პრეზიდენტის ცნობით, ამ დროისთვის კურსკის ოლქში ათასობით უკრაინელი სრულ ალყაშია და პუტინს მოუწოდა შეინარჩუნოს მათ სიცოცხლე. 

Reality Check: კურსკი ოლქში უკრაინული არმიის დანაყოფების მდგომარეობა მარტის დასაწისში, საოპაციო არმიის მიერ ჩრდილო კორეული დანაყოფების მეშვეობით დაწყებული იერიშის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა. იერიშის შედეგად საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა უკრაინული არმიის ლოჯისტიკა და მომარაგება. 

  • უკვე 12 მარტს უკრაინულ დანაყოფებს სუჯას დატოვება მოუხდათ, რომელიც ოპერაციის შედეგად დაკავებული უმსხვილესი რაიონული ცენტრი და პლაცდარმის ლოჯისტიკისთვის კრიტიკული მნიშვნელობის იყო. 

  • OSINT ანალიტიკოსებისა და ღია წყაროების ცნობით, ამ დროისთვის რუსეთის ტერიტორიაზე არ იმყოფება არცერთი უკრაინული სამხედრო დანაყოფი და შესაბამისად არც ალყაში მოქცეული ათასობით ჯარისკაცი არსებობს. 

  • უკრაინული არმიის რეზერვის ოფიცერისა და OSINT პროექტ Frontell Intelligence-ის დამფუძნებლის შეფასებით, უკრაინული არმიის უკან დახევის ოპერაცია ორგანიზებული იყო, მაგრამ ეპიზოდურად ქაოტური იყო, თუმცა უკვე დასრულებულია

  • "კარგი იქნება თუ ამერიკის შეერთებული შტატები სადაზვერვო მონაცემებს დაუჯერებს და არა პუტინის სიტყვას"- წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელ X-ზე ყოფილი ტვიტერი. 

Context: კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციის დასრულების შესახებ განაცხადა თავის ყოველდღიურ მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინელი პრეზიდენტის თქმით, ოპერაციამ თავისი მისია შეასრულა, რაც ფრონტის კრიტიკულ მონაკვეთებზე ვითარების სტაბილიზებაში გამოისახა. 

  • "ჩვენ ვხვდებოდით, რომ მტრის მთავარი მიზანი პოკროვსკი იყო... კურსკის ოპერაციის დაწყების შემდეგ, თავდაპირველად წნეხი ხარკივის მიმართულებით შემცირდა, ხოლო მოგვიანებით პოკროვსკისაც"- ამბობს ზელენსკი. 

Go Deeper: უკრაინული დანაყოფების გასვლის შემდეგ ვლადიმირ პუტინი უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში პირველად ჩავიდა კურსკის ოლქში, სადაც გენშტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის მოხსენება ჩაიბარა.

  • საყურადღებოა, რომ: უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველად გამოჩნდა სამხედრო კომუფლაჟში. 

  • პუტინი უკრაინელ სამხედროებს ტერორისტები უწოდა და განაცხადა, რომ დაქირავებულ მებრძოლებზე ჟენევის კონვენცია არ ვრცელდება. ამასთანავე პუტინმა თავის მხედართმთავარს მოუწოდა იფიქროს სუმის ოლქში ბუფერული ზონის ორგანიზებაზე.

  • უკრაინელი სამხედროების გასვლის ფონზე რუსულ Z-ტელეგრამებში აქტიურად ვრცელდებოდა ტყვედ ჩაბარებული და უაირაღო უკრაინელი სამხედროებისა და უკვე დახვრეტილი ჯარისკაცების ამსახველი კადრები. 


  • Financial Times-ის ჩატარებული გამოძიებით დგინდებოდა, რომ გასულ წელს საოკუპაციო არმიის მიერ უკრაინელი ტყვეების დახვრეტის შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. 


Big Picture: დიპლომატიური გადაძახილი ტრამპსა და პუტინს შორის მოვლენებით დატვირთული ცვლილებების ფონზე მიმდინარეობს. 13 მარტს ვლადიმირ პუტინი პირველად გამოეხმაურა ტრამპის ადმინისტრაციის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ, რომელსაც ცოტა ხნით ჯიდაში გამართული შეხვედრის დროს უკვე დაეთანხმა უკრაინული დელეგაცია. 

  • პუტინის თქმით, ის თანახმაა ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა არსებობს ნიუანსებიც


  • პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და ქვეყანაში მობილიზაციის შეწყვეტა მოითხოვა. 

  • პუტინის განცხადებას ტრამპმა იმედისმომცემი, მაგრამ არასრული უწოდა. 

  • დღის მიწურულს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ შეგნებულად აღარ გააგრძელა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ 2022 წლის მარტში გაცემული გენერალური ლიცენზიის მოქმედების ვადა, რომლის მიხედვითაც სანქცირებული რუსული ბანკები საზღვარგარეთ გაყიდული ენერგორესურსების საფასურს იღებდნენ. 

Go deeper: რუსეთის შესაძლო მოთხოვნები უკრაინის მთავრობის სრულ დემონტაჟს მოიცავს

 

 

 

მსგავსი სიახლეები