CNN: პუტინმა უკრაინაში ომის დაწყებაზე ოფიციალურად 9 მაისს შეიძლება განაცხადოს
რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ომის დაწყების შესახებ ოფიციალურად 9 მაისს შეიძლება გამოაცხადოს, წერს CNN-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
პუტინმა შესაძლოა 9 მაისს, როცა რუსეთში გამარჯვების დღეს აღნიშნავენ, უკრაინაში საომარი ქმედებების ესკალაციის ან რამე მსგავსი სცენარის შესახებ განაცხადოს, რასაც ომის ოფიციალური დეკლარაცია მოჰყვება, ნათქვამია CNN-ის მასალაში.
ომის გამოცხადება შესაძლოა რუსეთში საყოველთაო მობილიზაციის წინაპირობა გახდეს.
აქამდე კრემლი და რუსეთის პროპაგანდა უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებულ ომს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციად" მოიხსენიებს.
უკრაინაში რუსული აგრესიის შესახებ სიტყვა "ომის" გამოყენება რუსეთში სამხედრო ცენზურის კანონითაა აკრძალული, რომელიც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
5 მარტს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში სამხედრო ან მსგავსი საგანგებო რეჟიმის შემოღების აუცილებლობა არ დგას, თუმცა კრემლთან დაახლოებული ფიგურები ხშირად უფრო რადიკალურ მოსაზრებებს აჟღერებენ.