დეგრადირებული რუსული დანაყოფები ვერ შეძლებენ ბახმუტის სწრაფ ალყაში მოქცევას
ბახმუტთან მიღწეული წინსლის შესახებ გავრცელებული ყალბი ცნობები რუსეთის საინფორმაციო ოპერაციის ნაწილია, რომელიც ოქტომბრიდან გრძელდება, დეგრადირებული რუსული დანაყოფები ვერ შეძლებენ ქალაქის სწრაფ ალყაში მოქცევას.
ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტის ყოველდღიურ მიმოხილვაშია ნათქვამი.
ამერიკელი სამხედრო ექსპერტები მიუთითებენ, რომ ოკუპანტები აზვიადებენ თავიანთ წინსვლას ბახმუტთან და არაფერი მიანიშნებს ქალაქის ალყაში მოქცევის გარდაუვალობაზე.
ბახმუტის მახლობლად ფრონტის გარღვევასა და ქალაქის მოახლოებულ ალყაზე საუბრობს დონეცკელი სეპარატისტების ლიდერი დენის პუშილინი, მისი თქმით, განსაკუთრებით შესამჩნევია ვაგნერის მებრძოლების წინსვლა.
სატელიტური ფოტოების მიხედვით, ოკუპანტებმა მართლაც შეძლეს ბახმუტიდან 5-დან 30 კილომეტრამდე დაშორებული რამდენიმე სოფლის დაკავება, თუმცა ქალაქის ოპერატიულ ალყაში მოქცევისგან ჯერ კიდევ შორს არიან.
იმ შემთხვევაშიც კი თუ ოკუპანტები ბახმუტიდან სამხრეთით მდებარე რამდენიმე დასახლების დაკავებას შეძლებენ ეს არ ემუქრება უკრაინის შეიარაღებული ძალების მომარაგების მთავარ ხაზებს სევერსკისა და კონსტანტინოვკის მიმართულებით.
თავის ის დასახლებები, რომელთა დაკავებას ოკუპანტებმა შეძლეს უკრაინის არმიის მიერ კარგად გამაგრებულ რაიონს ებჯინება, რის გამოც შემდგომი წინსვლა მათთვის გაცილებით უფრო რთული იქნება.
"ამჟამინდელ, დეგრადირებულ მდგომარეობაში მყოფი რუსული დანაყოფები მაღალი ალბათობით ვერ შეძლებენ ქალაქის სწრაფ ალყაში მოქცევას",- ნათქვამია მიმოხილვაში.