დონალდ ტრამპს ბრალი 34 მუხლით წაუყენეს
ნიუ-იორკში მანჰეტენის სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საქმიანი დოკუმენტების გაყალბებისა და კრიმინალური შეთქმულების 34 მუხლით ბრალი წაუყენა. 4 აპრილს გამართულ სხდომაზე ტრამპმა დანაშაულის აღიარებაზე უარი თქვა.
აშშ-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს სისხლის სამართლის მუხლით ბრალი წაუყენეს. შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა სასამართლოში დაახლოებით ორი საათი გაატარა, ის ფორმალურად დაპატიმრებული იყო, რის შემდეგაც სასამართლო დატოვა.
გამომძიებლების თქმით, 2015 წლის აგვისტოდან 2017 წლის დეკემბრამდე, ტრამპმა "სხვებთან ერთად შექმნა სქემა, რათა გავლენა მოეხდინა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მის შესახებ უარყოფითი ინფორმაციის იდენტიფიცირებით და მოსყიდვით, რათა თავიდან აეცილებინა მისი გამოქვეყნება და საარჩევნოდ სარგებელი მიეღო. ამავდროულად, ტრამპი ცდილობდა ამ ქმედებების დამალვას ბიზნეს დოკუმენტაციაში ათობით ყალბი ჩანაწერის შეტანით."
კონტექსტი
30 მარტს, ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა საბრალდებო დასკვნა წარადგინეს პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის საქმეში დონალდ ტრამპის მონაწილეობასთან დაკავშირებით. პროკურორის თქმით, მას ტრამპთან ურთიერთობის შესახებ "დუმილის სანაცვლოდ" ფული მისცეს. ყოფილმა პრეზიდენტმა თავად ნაფიც მსაჯულთა განაჩენს "პოლიტიკური დევნა" უწოდა.
ტრამპის ადვოკატმა ლინა ჰუბამ განაცხადა, რომ მას არ სჯერა მისი სასამართლო პროცესის სამართლიანობის.
ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობის ერთ-ერთი ფავორიტია, განაცხადა, რომ "სამართლებრივი სისტემის პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იარაღად გადაქცევა, კანონის უზენაესობას თავდაყირა აყენებს."