ერაყის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში შიიტი ნაციონალისტის პარტიამ გაიმარჯვა
10 ოქტომბერს გამართულ ერაყის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში შიიტი სასულიერო ლიდერის, მუკთადა ას-სადრის პარტიამ გაიმარჯვა.
არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 41 %-მა მიიღო, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.
კენჭისყრის დღემ დაძაბულად ჩაიარა - 8,500 საარჩევნო უბანთან მობილიზებული იყო 250,000-მდე სამართალდამცავი.
წინასწარი შედეგებით, სადრის ბლოკი სავარაუდოდ 329 მანდატიდან 73-ს მოიპოვებს. წინა, 2018 წლის არჩევნებში შიიტი პოლიტიკოსის კოალიციას 54 მანდატი ჰქონდა.
მუკთადა ას-სადრი „ისლამური დემოკრატიის“ მოდელს იზიარებს და თავს ერაყული ნაციონალიზმის მიმდევრად მიიჩნევს, რომელიც ირანსა და აშშ-ს შორის კონფლიქტში მიუმხრობლობას ქადაგებს. მისი ამომრჩევლები ძირითადად ღარიბ შიიტებს წარმოადგენენ.
მეორე ადგილს იკავებს ნური ალ-მალიქის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია.
კენჭისყრის შედეგებით მდგომარეობა ვერ გაიუმჯობესა ღიად პრო-ირანულმა ფათაჰის ალიანსმა, რომელსაც გასამხედროებული რაზმის მეთაური, ჰადი ალ-ამერი ხელმძღვანელობს.
ოფიციალური შედეგების გამოცხადებას პარტიებს შორის კოალიციის შესახებ მოლაპარაკებები მოჰყვება, რომელიც, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეს გასტანს.
2003 წელს აშშ-ს ინტერვენციის შედეგად სუნიტი სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ერაყის ხელისუფლებაში შიიტური პოლიტიკური ძალები დომინირებენ.