ერდოღანმა არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე საჯარო მოხელეებს ხელფასი 45%-ით გაუზარდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საჯარო მოხელეების ხელფასები 45%-ით გაზარდა. ამის შესახებ 9 მაისს ერდოღანის პრესსამსახურმა განაცხადა.

საჯარო მოხელეების მინიმალური ხელფასი 15 000 ლირა (დაახლოებით 770 დოლარი) იქნება. 2023-2024 წლებში ზრდა დაახლოებით 700 ათას ადამიანს შეეხება.

გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ზეგანაკვეთური ანაზღაურების 70%-ით, ღამის სამუშაობის - 8%-ით და ვეტერანებისთვის დახმარების - 10%-ით გაზრდას გეგმავს.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ის ყოველთვის ატარებდა "სიმდიდრის გაზიარების" პოლიტიკას.

"ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მშფოთვარე დროშიც კი, ჩვენ შევინარჩუნეთ ეს მიდგომა ყველა სფეროში, განსაკუთრებით ჩვენი საჯარო მოხელეების ხელფასების გაზრდის კუთხით," - თქვა მან.

კონტექსტი

თურქეთში არჩევნები 14 მაისს ჩატარდება. მოქალაქეები ქვეყნის პრეზიდენტს და თურქეთის 600 ადამიანისგან შემდგარ პარლამენტს აირჩევენ.

სოციოლოგიური ორგანიზაცია ORC-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა 44% უჭერს მხარს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ ქემალ ქილიჩდაროღლუს კი - 48%.

მსგავსი სიახლეები