ესტონეთმა ესტონურენოვან განათლებაზე გადასვლის გეგმა დაამტკიცა

ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2030 წლისთვის სკოლების ესტონურ განათლებაზე გადასვლის გეგმა დაამტკიცა. ამ ინფორმაციას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR) 17 დეკემბერს ავრცელებს.

ესტონეთის განათლების მინისტრის, ტინის ლუკასის თქმით, გაიზრდება ესტონურ ენაზე მასწავლებლების გადამზადების ადგილები უნივერსიტეტებში, შეიქმნება განათლების უფრო მოქნილი ფორმები და პედაგოგებს ენის კურსებს შესთავაზებენ.

ERR წერს, რომ პროექტი მთავრობამ ოქტომბერში განიხილა და დაამტკიცა. 12 დეკემბერს ქვეყნის პარლამენტმა მიიღო შესაბამისი კანონი საბაზისო სკოლებისა და გიმნაზიების შესახებ, რომელიც ქმნის საფუძველს და პირობებს ესტონურენოვან განათლებაზე გადასვლისთვის.

"ესტონეთის ყველა სკოლისა და საბავშვო ბაღის საგანმანათლებლო საქმიანობის ესტონურ ენაზე გადასვლა არის დღევანდელი სამთავრობო კოალიციის მთავარი მიზანი, რომელიც შეესაბამება ბავშვებისა და ახალგაზრდების მომავლის ინტერესებს. ჩვენ გვინდა, რომ ესტონეთში ყველა ბავშვს, მიუხედავად მათი მშობლიური ენისა, ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ხარისხიანი განათლება ესტონურ ენაზე. ეს მოგვცემს ესტონურენოვან საზოგადოებას და, შესაბამისად, ერთიან საინფორმაციო სივრცეს, რომლის აუცილებლობაც აშკარაა, თუ ვიაზრებთ რუსეთის იმპერიალისტური ინტერესებს", - განაცხადა ქვეყნის განათლების მინისტრმა.

სახელმწიფო ენაზე განათლებაზე გადასვლა 2024/25 სასწავლო წლიდან დაიწყება. ჯერ ესტონურზე საბავშვო ბაღები და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პირველი-მეოთხე კლასის მოსწავლეები გადადიან. გეგმის მიხედვით, ესტონურენოვან განათლებაზე სრული გადასვლა 2029/2030 სასწავლო წლის დასაწყისისთვის დასრულდება.

ERR აღნიშნავს, გიმნაზიებსა და საშუალო პროფესიულ განათლებაში 2029/30 სასწავლო წლამდე სხვა ენის - ძირითადად რუსულის წილი შეიძლება იყოს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული განათლების მოცულობის 40%-მდე. 2024 წლიდან მასწავლებლებს ესტონური ენის ცოდნა C1 დონეზე მოუწევთ.

2021 წელს ესტონეთის 895 200 მოქალაქე (67%) აცხადებდა, რომ მისი პირველი ენა ესტონურია, ხოლო 381 900 ადამიანისთვის (29%) - რუსული.

მსგავსი სიახლეები