ფაშინიანი იმედოვნებს, რომ უახლოეს თვეებში ბაქოსთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მოაწერს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს თვეებში აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მოაწერენ.
"ამჟამად ჩვენ და აზერბაიჯანი ვმუშაობთ მშვიდობისა და ურთიერთობების დარეგულირების შეთანხმების პროექტზე. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი უახლოეს თვეებში წარმატებით დასრულდება," - თქვა ფაშინიანმა თბილისში, აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმზე.
სომხეთის პრემიერის თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიაღწიეს შეთანხმებას ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებაზე, 1991 წლის ალმათის დეკლარაციის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც სომხეთის ტერიტორია 29 800 კვადრატული კილომეტრია, ხოლო აზერბაიჯანის ფართობი - 86 600 კვ.კმ.
სამშვიდობო შეთანხმება ასევე ნიშნავს ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას.
სექტემბერში აზერბაიჯანის არმიამ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და ყარაბაღზე კონტროლი აღადგინა. რეგიონი სომხური მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დატოვა.
19 ოქტომბერს ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი და ბაქო, ევროკავშირის შუამავლობით გამართული შეხვედრების შემდეგ, შეთანხმდნენ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების "საგზაო რუკაზე." ცოტა ხნის წინ, ირანის დედაქალაქ თეირანში თურქეთის, ირანის, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა.
იმავდროულად, ევროკავშირმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიუსელში ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრა არ შედგა, რადგან ალიევმა დრო ვერ გამონახა.